სტრასბურგის სასამართლომ სანქციის საფუძველზე პირის უფლებების შეზღუდვის სტანდარტზე იმსჯელა და სანქციის გამოყენების დღევანდელი პრაქტიკა გააკრიტიკა

ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2025 წლის 16 ოქტომბრის გადაწყვეტილება საქმეზე M.S.L., TOV უკრაინის წინააღმდეგ – აღნიშნულ საქმეში სტრასბურგის სასამართლომ უკრაინის ხელისუფლების მიერ მოსარჩელე კომპანიის მიმართ გატარებული ღონისძიებები მიმოიხილა.

მოსარჩელე კომპანიის პრეტენზიების განხილვამდე ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ პირველ რიგში ზოგადად სანქციის ინსტიტუტზე და სანქციების საფუძველზე ადამიანის უფლებების შეზღუდვის სტანდარტზე იმსჯელა.

ამ თვალსაზრისით ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ ევროკავშირის მართლმსაჯულების სასამართლოს (CJEU) მიერ დადგენილ პრაქტიკაზე გაამახვილა ყურადღება.

კერძოდ, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ აღნიშნა, რომ საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის ფარგლებში ევროკავშირის მიერ შესაბამისი ფიზიკური და იურიდიული პირებისთვის სანქციის დაკისრების სტანდარტთან დაკავშირებით ევროკავშირის მართლმსაჯულების სასამართლოს (CJEU) მყარად დადგენილი პრაქტიკა აქვს. აღნიშნული პრაქტიკის თანახმად, ვინაიდან ადამიანის ფუნდამენტური უფლებები ევროკავშირის სამართლებრივი წესრიგის განუყოფელ ნაწილს წარმოადგენს, აუცილებელია, ის ფიზიკური და იურიდიული პირები, რომელთაც სანქცია ეკისრებათ inter alia სანქციის დაკისრების შესახებ გადაწყვეტილების საფუძვლების თაობაზე საკმარისად იყვნენ ინფორმირებულნი.

აღნიშნული საფუძვლების შესახებ საკმარისად ინფორმირებულობა საჭიროა იმისთვის, რომ ამ ფიზიკურმა და იურიდიულმა პირებმა საკუთარი უფლებები ეფექტიანად დაიცვან, ასევე მიიღონ ინფორმირებული გადაწყვეტილება, სურთ თუ არა სამართლებრივი დავის დაწყება დაკისრებულ სანქციებთან დაკავშირებით. აღნიშნული საფუძვლების შესახებ საკმარისად ინფორმირებულობა სანქციის დაკისრების შესახებ გადაწყვეტილების კანონიერების სასამართლოში გულმოდგინედ შემოწმების უზრუნველსაყოფადაც აუცილებელია.

ევროკავშირის მართლმსაჯულების სასამართლოს (CJEU) მიერ მყარად დადგენილი პრაქტიკის თანახმად, გადაწყვეტილება სანქციის დაკისრების შესახებ უნდა შეიცავდეს კონკრეტულ და დეტალურ მიზეზებს იმის შესახებ თუ რატომ გადაწყვიტეს შესაბამისმა ორგანოებმა შესაბამისი ფიზიკური და იურიდიული პირებისთვის სანქციის დაკისრება. ამასთანავე, ევროკავშირის სასამართლოებმა უნდა შეამოწმონ აღნიშნული მიზეზები რამდენად დეტალური და კონკრეტულია. ამ მიზეზების შესახებ შესაბამისი პირი ინფორმირებული უნდა იყოს იმ მომენტიდან, როდესაც სანქციის შესახებ გადაწყვეტილებამ ამ პირის მიმართ მოქმედება დაიწყო. ეს მიზეზები ზოგადი და სტერეოტიპული სიტყვებით არ უნდა იყოს ფორმულირებული. კონკრეტული და დეტალური მიზეზების მითითების გარეშე შესაბამის სამართლებრივ ნორმებზე ზოგადი მითითება არასაკმარისია. სასამართლოებმა, თავის მხრივ, უნდა შეამოწმონ პირისთვის სანქციის დაკისრების შესახებ გადაწყვეტილება საკმარის ფაქტობრივ საფუძვლებს რამდენად ეფუძნებოდა და ეს გადაწყვეტილება რამდენად დასაბუთებულია (59-ე და 60-ე პარაგრაფები).

ზოგადად სანქციის ინსტიტუტზე და სანქციების საფუძველზე ადამიანის უფლებების შეზღუდვის სტანდარტზე მსჯელობისას ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ ყურადღება გაერთიანებული ერების სპეციალური მომხსენებლის ანგარიშზეც გაამახვილა.

ხსენებულ ანგარიშში სპეციალურმა წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ საერთაშორისო სამართალში დღესდღეობით „სანქციის“ ზოგადი განმარტებაც კი არ არსებობს. სპეციალურმა წარმომადგენელმა დანანებით აღნიშნა, რომ დღესდღეობით სახელმწიფოები სისხლის სამართლის კანონმდებლობით გათვალისწინებული პროცედურების დაწყების ნაცვლად სანქციების დაკისრების გზას ირჩევენ, რადგან სანქციების დაკისრება უფრო სწრაფი და მარტივი პროცედურებით ხდება, ამასთანავე, სანქციის დაკისრების შესახებ გადაწყვეტილების მიღებისას მტკიცებულებითი სტანდარტი თითქმის არ არსებობს. აღნიშნულის შედეგად კი დასანქცირებული პირების, უდანაშაულობის პრეზუმფციის დარღვევით, საერთაშორისო დამნაშავეებად საჯაროდ ბრენდირება ხდება (58-ე პარაგრაფი).

ზოგადად სანქციის ინსტიტუტზე და სანქციების საფუძველზე ადამიანის უფლებების შეზღუდვის სტანდარტზე მსჯელობისას ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ თავის მიერ დადგენილი პრაქტიკაც მიმოიხილა. სასამართლომ აღნიშნა, რომ მას ადრე განხილულ საქმეებში რამდენჯერმე მოუწია მსჯელობა იმ საკითხზე, თუ როგორი უნდა იყოს ეროვნული სასამართლოების განხილვის მასშტაბი სხვადასხვა სამართლებრივი ჩარჩოს ფარგლებში შეფარდებული სანქციების ეროვნულ დონეზე აღსრულებასთან დაკავშირებით. მაგალითად, ადრე განხილულ რამდენიმე საქმეში, რომელიც გაერთიანებული ერების ორგანიზაციის უსაფრთხოების საბჭოს რეზოლუციით შესაბამისი პირებისთვის დაკისრებული სანქციის ეროვნულ დონეზე აღსრულების საკითხს შეეხებოდა, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ აღნიშნა, რომ ვინაიდან სანქცირებულთა სიაში პირის შეყვანასთან დაკავშირებით მთავარი გადაწყვეტილების მიმღებ ორგანოს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის უსაფრთხოების საბჭო წარმოადგენს, ეროვნულ სასამართლოებს არ შეუძლიათ ამ სანქცირებულთა სიაში პირის შეყვანასთან ან არშეყვანასთან დაკავშირებით მიიღონ გადაწყვეტილება, თუმცა ეროვნულმა სასამართლოებმა შესაბამისი სანქციების ეროვნულ დონეზე აღსრულების დროს გარკვეული საკითხები მაინც უნდა გამოიკვლიონ. მაგალითად, მათ უნდა გამოიკვლიონ შესაბამისი პირის სახელი და გვარი ნამდვილად არის თუ არა სანქცირებულთა სიაში, ასევე ჩამოსართმევი ან დასაყადაღებელი ესა თუ ის ქონება ნამდვილად ეკუთვნის თუ არა სანქცირებულთა სიაში შეყვანილ პირს.

გარდა ამისა, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს განმარტებით, ეროვნულმა სასამართლოებმა საკმარისი გულმოდგინებით უნდა შეამოწმონ და დარწმუნდნენ, რომ შესაბამისი პირის სანქცირებულთა სიაში შეყვანა თვითნებურად არ მომხდარა (მე-100 პარაგრაფი).

Back to top button