
„პირველ რიგში, მინდა, რომ ვარლამ ლიპარტელიანს მივულოცო. მე პირადად ძალიან მიხარია, რომ ასეთი ღირსეული, წარმატებული, მოტივირებული ადამიანი ჩაუდგება სათავეში „ქართული ოცნების“ ახალგაზრდულ ორგანიზაციას“, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის ბიძინა ივანიშვილის შვილმა ცოტნე ივანიშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა.
ცოტნე ივანიშვილის თქმით, მათ შორის, ახალგაზრდებმა უნდა იზრუნონ ქვეყანაზე. მანვე სრულიად საქართველოს დამდეგი შობა-ახალი წელი მიულოცა.
„ძალიან უნდა ფასდებოდეს მკაფიოდ ახალგაზრდებში განათლება, შრომისმოყვარეობა, ნიჭიერება, მონდომება და ასეთი მომავლის მშენებლობის სურვილი და მოტივაცია. ზუსტად აქედან გამომდინარე, მე პირადად, ძალიან გამიხარდებოდა, რომ ჩემი თაობის წარმომადგენლებს შორის მეტი დიალოგი არსებობდეს, რადგან ჯანსაღ დისკუსიაში, ერთმანეთის განსხვავებული აზრის მოსმენაში არა მარტო სიმართლე იბადება, არამედ ერთობაც. ჩემს გარშემო ძალიან ბევრ მეგობარს, ძალიან ბევრ ახალგაზრდას, თანატოლს ვხედავ, ვინც არის ძალიან მოტივირებული, ვინც ძალიან ბევრს შრომობს საკუთარ მომავალზე და დარწმუნებული ვარ, რომ ყველა ამ ახალგაზრდას ძალიან უყვარს თავისი სამშობლო და ჩემი აზრით, ამ ყველაფერს გარკვეულწილად პასუხისმგებლობაც მოსდევს იმიტომ, რომ ჩვენ თუ არ ვიზრუნეთ ჩვენს ქვეყანაზე, სხვანაირად ნათელ მომავალზეც ვერ ვიზრუნებთ. მოგილოცავთ დამდეგ შობა-ახალ წელს. ვულოცავ სრულიად საქართველოს, მრავალს დაესწარით, დიდი მადლობა“, – განაცხადა ცოტნე ივანიშვილმა.