მამუკა მდინარაძე სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურზე: ჩვენი კატეგორიული რეკომენდაცია იქნება, რომ უწყებაში მომუშავე ადამიანები, მისი გაყოფისა და ორი მიმართულებით გაძლიერების შემდეგ, თავიანთ სტატუსებსა და თანამდებობებს ინარჩუნებდნენ

„ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივნის, მამუკა მდინარაძის განცხადებით, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის ორ დამოუკიდებელ უწყებად ჩამოყალიბება მიზნად ვინმეს სამსახურიდან გათავისუფლებასა და კადრების შეკვეცას არ ისახავს.

„ყალიბდება ორი დამოუკიდებელი ინსტიტუტი, რომლებსაც, არა კადრების შეკვეცა და ადამიანების გათავისუფლება, არამედ, შეიძლება, დამატებაც დასჭირდეს. ბუნებრივია, პროფესიონალი კადრები თავიანთ სტატუსებს შეინარჩუნებენ. ჩვენი კატეგორიული რეკომენდაციაც იქნება, რომ ადამიანები, რომლებიც მუშაობენ ამ უწყებაში, უწყების გაყოფისა და ორი მიმართულებით გაძლიერების შემდეგ, თავიანთ სტატუსებსა და თანამდებობებს ინარჩუნებდნენ. ორივე მიმართულებით, ისინი ამ ქვეყანაში ყველაზე გამოცდილი და პროფესიონალი კადრები არიან“, – აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.

დღეს პარლამენტში წარადგენენ კანონპროექტს, რომელიც სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის ორ დამოუკიდებელ უწყებად ჩამოყალიბებას ითვალისწინებს.

ლონდა თოლორაიამ დღეს არ უპასუხა კითხვას, თუ ვინ გადასცა მას კანონპროექტი, რომელიც ამჟამად მხოლოდ პარლამენტის ბიუროს წევრებს აქვთ დაგზავნილი.

Back to top button