
შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის მარნეულის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა თაღლითობის ბრალდებით აზერბაიჯანის რესპუბლიკის 2 მოქალაქე – 1987 წელს დაბადებული ა.მ. და 1983 წელს დაბადებული ი.მ. დააკავეს. ინფორმაციას შსს ავრცელებს.
უწყების ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულები მარნეულის მუნიციპალიტეტში მცხოვრები ერთ-ერთ მოქალაქის კუთვნილ ოქროს ნივთებს თაღლითურად დაეუფლნენ.
„სამართალდამცველებმა ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ორივე მათგანი ბრალდებულის სახით ცხელ კვალზე დააკავეს. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც 4 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.