„ევროკავშირი ავტორიტარულ სტრუქტურად ფორმირდება, ჩვენ თვალწინ, მისი იდეალების ერთგვარი მონსტრული გარდაქმნა ხდება“ – ემუქრება თუ არა შვეიცარიელ ჟურნალისტს როჯერ კეპელს ევროკავშირის სანქციები

ევროკავშირის სანქციები, როჯერ კეპელის საქმე და სიტყვის თავისუფლების ნაღმების ველი. შვეიცარიული ყოველკვირეული გაზეთის Die Weltwoche-ის მთავარი რედაქტორი როჯერ კეპელი, შესაძლოა, მალე ევროკავშირის სანქციების სიაში მოხვდეს.

ბრიუსელის მხრიდან ეს გამოხატვის თავისუფლებაზე კიდევ ერთი თავდასხმა იქნება, წერს გერმანული Berliner Zeitung-ი.

მანამდე, გერმანულ გამოცემა WELT-ზე როჯერ კეპელის სტატია გამოქვეყნდა, რომელშიც ის ბრიუსელის მიერ ევროპული ღირებულებების ღალატსა და სიტყვის თავისუფლების ჩახშობაზე საუბრობს. ავტორმა აღნიშნა, რომ ის სულ უფრო მეტად ხედავს ევროკავშირს, როგორც საფრთხეს ევროპისათვის – ბევრად უფრო დიდს, ვიდრე ჩინეთს ან რუსეთს.

„ჩემი უმნიშვნელო, მოკრძალებული შვეიცარიული პერსპექტივიდან, ევროკავშირი ავტორიტარულ სტრუქტურად გარდაქმნის გზაზე დგას. მისი იდეალების ერთგვარი მონსტრული გარდაქმნა მიმდინარეობს ჩვენს თვალწინ, დღისით-მზისით“- აცხადებს კეპელი. ის სტატიაში ასევე აღნიშნავს, რომ მისთვის ევროკავშირი მას შემდეგ დამახინჯდა, რაც სანქციების ბოლო სია გამოაქვეყნა, რომელშიც შვეიცარიის მოქალაქეც მოხვდა. მისივე თქმით, მხოლოდ დიქტატორები და ავტოკრატიული მმართველები სჯიან განსხვავებულ აზრს.

როგორც კეპელი აღნიშნავს, შვეიცარიის მოქალაქის სანქცირება ვლადიმერ პუტინის საომარი მანქანის წინააღმდეგ არ არის მიმართული. მისი რეალური მიზანია ევროკავშირის მრავალი მოქალაქის დაშინება, რომლებიც აღარ ეთანხმებიან საკუთარი მთავრობების პოლიტიკას უკრაინასთან მიმართებით, მიესალმებიან აშშ-სა და რუსეთს შორის სამშვიდობო პროცესს და სურთ, რომ ევროკავშირმა ხელი შეუწყოს მას, ნაცვლად იმისა, რომ მუდმივად ძირს უთხრიდეს.

გერმანელმა იურისტმა და ბიზნესსამართლის პროფესორმა ვიქტორ ვინკლერმა შვეიცარიელ გამომცემელსა და პუბლიცისტ როჯერ კეპელს გახმაურებულ ინტერვიუში ურჩია, დაუყოვნებლივ დაუკავშირდეს ევროკავშირს. ამ სასწრაფო მიმართვის მიზეზი არის ის რეალური საფრთხე, რომ Die Weltwoche-ს მთავარი რედაქტორი ევროკავშირის სანქციების სიაში მოხვდეს. ის, რაც სულ რამდენიმე წლის წინ წარმოუდგენლად ჩანდა, ახლა ნეიტრალური ევროპული ქვეყნის ჟურნალისტისთვის კონკრეტული საფრთხეა.

გერმანულ სტატიაში აგრეთვე აღნიშნულია, რომ „კეპელის საქმე“ უკვე მიღებულ ზომას მოჰყვა, რომელიც ევროპულ მედიასა და იურიდიულ წრეებში მნიშვნელოვან შეშფოთებას იწვევს. დეკემბრის შუა რიცხვებში ევროკავშირმა შვეიცარიის არმიის ყოფილი პოლკოვნიკი და სტრატეგიული ანალიტიკოსი ჟაკ ბო სწორედ სანქციების აღნიშნულ სიაში შეიყვანა. მას ბრალად ედება, რომ ის პრორუსული პროპაგანდის რუპორია და შეთქმულების თეორიებს ავრცელებს. ბოსთვის, რომელიც ამჟამად ბრიუსელში ცხოვრობს, სანქციები „სამოქალაქო სიკვდილს“ ნიშნავს, როგორც ამას პროფესორი ვინკლერი აღწერს. მისი ანგარიშები გაყინულია, ფინანსური საარსებო წყარო კი განადგურებული. ბო სასამართლოში გადაწყვეტილების გასაჩივრებას აპირებს. სწორედ ამას აღნიშნავდა კეპელიც თავის სტატიაში.

მიუხედავად იმისა, რომ უკრაინის ომის დასაწყისში ყურადღება მხოლოდ რუსეთის მოქალაქეებსა და ორგანიზაციებზე იყო გამახვილებული, ახლა მოქმედების არეალი მნიშვნელოვნად გაფართოვდა. „ის ფაქტი, რომ სიაში ევროპელებიც არიან, სრულიად ახალი მოვლენაა“, – აცხადებს ვინკლერი. ეს გაფართოება კითხვებს ბადებს პროპორციულობის, კანონის უზენაესობის და, რაც მთავარია, ევროპაში სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების მომავლის შესახებ.

თუმცა, დისკუსიის ცენტრში ახლა როჯერ კეპელია. კრიტიკოსები გამოცემას ადანაშაულებენ იმაში, რომ მან ჩამოყალიბებული მედიის სტატუსი მემარჯვენე პოპულისტურ პლატფორმად გარდაქმნა. კეპელი ცნობილია იმით, რომ პლატფორმას სთავაზობს მათ, რომელთა ხმა სხვაგან იშვიათად ისმის. წამყვანი ევროპელი მემარჯვენე კონსერვატორები, როგორიცაა უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი, სერბეთის პრეზიდენტი ალექსანდარ ვუჩიჩი და „ალტერნატივა გერმანიისთვის“ (AfD) პარტიის ლიდერი ალის ვაიდელი, სიამოვნებით აძლევენ მას ინტერვიუებს, ისევე როგორც ის პირები, რომლებიც გერმანიაში საჯარო დისკურსიდან გარიყულნი არიან.

ესენი არიან ისეთი ფიგურები, როგორიცაა ნატოს ყოფილი გენერალი ჰარალდ კუიატი და ჟურნალისტი გაბრიელე კრონე-შმალცი, რომლებსაც ხშირად „პუტინის აპოლოგეტებად“ მოიხსენიებენ, ძირითადად უკრაინის ომზე გაკეთებული განცხადებების გამო, რადგან ისინი დასავლეთის შეცდომებზეც მიუთითებენ. სწორედ ამ ჟურნალისტურმა პოზიციამ, კეპელის მოსკოვში ვიზიტებთან და რუსეთის წინააღმდეგ დასავლეთის მიერ სანქციების ხმამაღალ კრიტიკასთან ერთად, როგორც ჩანს, განაპირობა ის, რომ ბრიუსელის სანქციების პოლიტიკის შემქმნელების სამიზნედ იქცა.

გერმანული გამოცემა წერს, რომ სანქციების სიაში მოხვედრის კრიტერიუმები ბუნდოვანია. ზემოხსენებულ ინტერვიუში პროფესორმა ვინკლერმა გააკრიტიკა სანქცირებული პირების შერჩევა და მას უკიდურესად თვითნებური უწოდა: „ევროკავშირმა სრულიად შეირცხვინა საკუთარი თავი იმით, თუ ვინ შეიყვანა სიაში და განსაკუთრებით – ვინ არ შეიყვანა“ – განაცხადა მან. მაგალითად, იგი ასახელებს ოლიგარქ ვლადიმერ პოტანინს, პუტინის ერთ-ერთ უახლოეს მხარდამჭერს, რომელიც ევროპისთვის ნიკელის მიწოდების მნიშვნელობის გამო დღემდე სანქციებს არ დაქვემდებარებია. ამასთან, სიაში მოხვდნენ პირები, რომელთაც კრემლთან მხოლოდ ძალიან სუსტი კავშირი აქვთ. „ამან სანქციების კრიტერიუმები მნიშვნელოვნად დაასუსტა“, – ასკვნის ვინკლერი.

სტატიაში ცალკე აღნიშნულია, მედიის ნაწილის რეაქციაც, რომელიც შემაშფოთებელია. იმის ნაცვლად, რომ კოლეგა ჟურნალისტის წინააღმდეგ მოსალოდნელი სანქცია პრესის თავისუფლებაზე თავდასხმად შეფასდეს, ზოგიერთები მას ღიად დასცინიან. Die Zeit-ის რედაქტორმა იორგ ლაუმ პლატფორმა X-ზე კეპელის გაფრთხილების შესახებ ცნობაზე კომენტარი დაწერა: „კარგია. მოღალატე.“ აღსანიშნავია ისიც, რომ პოსტი მოგვიანებით წაიშალა. ეს კომენტარები აჩვენებს, რომ ინციდენტი გაცილებით მეტია, ვიდრე უბრალოდ სოციალურ მედიაში დაუფიქრებლად გამოქვეყნებული პოსტი. როგორც ჩანს, იზრდება სურვილი დასაჯონ და სოციალურად გარიყონ ისინი, ვინც არასასურველ მოსაზრებებს აჟღერებს. ეს მოვლენა, პირველ რიგში, განსაკუთრებით აძლიერებს იმ კრიტიკოსების არგუმენტებს აშშ-ში, რომლებიც დიდი ხანია ადანაშაულებენ ევროპას განსხვავებული აზრის მიმართ ტოლერანტობის შემცირებაში. როდესაც პოლიტიკური აღმასრულებელი ორგანო დახურულ კარს მიღმა წყვეტს, რომელი ჟურნალისტური საქმიანობა იმსახურებს სანქციებს, ამით სახიფათო პრეცედენტი იქმნება.

მდგრადმა დემოკრატიამ თავისი ძალა არა აკრძალვებიდან, არამედ ღია არგუმენტაციის ძალიდან, მედიაწიგნიერების ხელშეწყობიდან და თავისუფალი დისკურსის მრავალფეროვნებიდან უნდა მიიღოს. სად მთავრდება პროპაგანდისგან დაცვა და სად იწყება განსხვავებული მოსაზრებების ცენზურა? როჯერ კეპელის საქმე შეიძლება ამ კითხვაზე ლაკმუსის ქაღალდად იქცეს.

Back to top button