დავით ჩიხელიძე: ოპოზიციამ უნდა აღიაროს, რომ ვენეციის კომისიის ავტორიტეტი არ არის შეუცდომელი და მისი დასკვნები შეიძლება მიკერძოებულიც იყოს, ან უნდა შევიდეს ღია წინააღმდეგობაში აშშ-ის პრეზიდენტის გადაწყვეტილებასთან

წლების განმავლობაში ოპოზიცია აქტიურად აპელირებდა ვენეციის კომისიის დასკვნებზე და მათ საბოლოო ჭეშმარიტებად წარმოაჩენდა. ხელისუფლების მხრიდან კი არაერთხელ აღინიშნებოდა, რომ კომისიის რიგი შეფასებები სამართლებრივ ჩარჩოებს სცილდებოდა და პოლიტიკურ ხასიათს ატარებდა, – წერს ექსპერტი დავით ჩიხელიძე, რომელიც აშშ-ის გადაწყვეტილებას ვენეციის კომისიიდან გასვლის შესახებ სოციალურ ქსელში ეხმიანება.

ექსპერტის შეფასებით, ოპოზიციამ უნდა აღიაროს, რომ ვენეციის კომისიის ავტორიტეტი არ არის შეუცდომელი და მისი დასკვნები შეიძლება მიკერძოებულიც იყოს, ან უნდა შევიდეს ღია წინააღმდეგობაში აშშ-ის პრეზიდენტის გადაწყვეტილებასთან.

„ქართული ოპოზიციური პოლიტიკური სივრცე საინტერესო დილემის წინაშე დადგა: როგორ რეაქციას გამოავლენს ოპოზიცია აშშ-ის პრეზიდენტის გადაწყვეტილებაზე, ვენეციის კომისიაც იმ საერთაშორისო სტრუქტურათა ჩამონათვალში აღმოჩნდა, რომელთა დატოვებაც ვაშინგტონმა მიზანშეწონილად ჩათვალა. კითხვა მარტივია, მაგრამ პასუხი რთული: ეყოფათ თუ არა გამბედაობა, გააკრიტიკონ თავად დონალდ ტრამპი, ან უარყონ ვენეციის კომისია, თუ ისევ შეეცდებიან ვენეციის კომისიის დაცვას და მის უპირობო ავტორიტეტად წარმოჩენას.

წლების განმავლობაში ქართული ოპოზიცია აქტიურად აპელირებდა ვენეციის კომისიის დასკვნებსა და რეკომენდაციებზე, მათ საბოლოო ჭეშმარიტებად წარმოაჩენდა და ხელისუფლებას მათი სრულად შესრულებისკენ მოუწოდებდა. ნებისმიერი განსხვავებული პოზიცია კი დასავლური ღირებულებების უარყოფად, ან დემოკრატიისგან გადახვევად ცხადდებოდა.

ამავე დროს, ხელისუფლების მხრიდან არაერთხელ ითქვა, რომ ვენეციის კომისიის რიგი შეფასებები სცილდებოდა სამართლებრივ ჩარჩოებს, ატარებდა პოლიტიკურ ხასიათს და პრაქტიკულად განუხორციელებელი იყო. დღეს ვითარება შეცვლილია. როდესაც მსოფლიოში ერთ-ერთმა ყველაზე გავლენიანმა სახელმწიფომ ვენეციის კომისია უსარგებლო და ფულის მფლანგველ სტრუქტურად მიიჩნია და მასთან თანამშრომლობაზე უარი თქვა, ეს ავტომატურად აჩენს კითხვებს მის პროფესიულ მიუკერძოებლობასა და რეალურ როლზე.

ეს გადაწყვეტილება აძლიერებს იმ არგუმენტს, რომ კომისია ხშირად აღარ მოქმედებდა, როგორც სიღრმისეული სამართლებრივი ანალიტიკის ორგანო, არამედ გადაიქცა კონკრეტული პოლიტიკური დღის წესრიგის გამტარ მექანიზმად. ვენეციის კომისია ევრობიუროკრატების მიერ წლების განმავლობაში გამოიყენებოდა, როგორც ზემოქმედების დამატებითი მექანიზმი, რომლის მეშვეობითაც სხვადასხვა ქვეყანაზე ზეწოლა ხორციელდებოდა. ისინი ვენეციის კომისიის მეშვეობით უხეშად ერეოდნენ მათთვის არასასურველი ქვეყნების შიდა საქმეებში.

ამ ფონზე, ოპოზიციისთვის რთული არჩევანია: ან უნდა აღიაროს, რომ ვენეციის კომისიის ავტორიტეტი არ არის შეუცდომელი და მისი დასკვნები შეიძლება მიკერძოებულიც იყოს, ან უნდა შევიდეს ღია წინააღმდეგობაში აშშ-ის პრეზიდენტის გადაწყვეტილებასთან. ორივე გზა პოლიტიკურად სარისკოა, მაგრამ სწორედ ამ რეაქციაზე გამოჩნდება, რამდენად პრინციპულია მათი დამოკიდებულება საერთაშორისო ინსტიტუტების მიმართ და რამდენად მზად არიან კრიტიკული ანალიზისთვის, როცა რეალობა მათ წინა ნარატივს აღარ ემთხვევა“, – წერს დავით ჩიხელიძე.

Back to top button