
ცეცხლის შეწყვეტის შემდეგაც კი, ჩვენ გვსურს უკრაინის ფინანსური, პოლიტიკური და, რა თქმა უნდა, სამხედრო მხარდაჭერის გაგრძელება. რამდენად შორს შეგვიძლია ამ საკითხში წასვლა, კოალიციის ფარგლებში უნდა განვიხილოთ, მაგრამ აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ, რომ ამის გაკეთებას ვაპირებთ. თუმცა, ცეცხლის შეწყვეტა დღის წესრიგში ჯერ კიდევ არ დგას, რადგან ცხადია, რომ რუსეთს ეს არ სურს, – ამის შესახებ გერმანიის კანცლერმა, ფრიდრიხ მერცმა, განაცხადა.
მერცის განცხადებით, რუსეთმა უნდა გააცნობიეროს, რომ ომის გაგრძელებას აზრი არ აქვს. მისივე თქმით, ყველაფერს გააკეთებს მის ქვეყანასა და მთლიანად კონტინენტზე მშვიდობისა და თავისუფლების შესანარჩუნებლად, რადგან ეს არის პოლიტიკური ლიდერობის ყველაზე მნიშვნელოვანი პრინციპი.
“ამიტომ, ამ ომის ფასის კიდევ უფრო გაზრდა მოგვიწევს. რუსეთმა უნდა გააცნობიეროს, რომ მის გაგრძელებას აზრი არ აქვს. ამაში ევროპელების სოლიდარობას ვეყრდნობი. ასევე, აშშ-ის მთავრობისა და პრეზიდენტის სოლიდარობასა და მხარდაჭერას ვეყრდნობი. ჩვენ გაერთიანებულები ვართ ჩვენს მიზანში. გვსურს ამ ომის რაც შეიძლება სწრაფად დასრულება და მინდა, გერმანელ ხალხს ვუთხრა, განსაკუთრებით 2026 წლის დასაწყისში, რომ მათ შეუძლიათ დარწმუნებული იყვნენ, რომ ჩვენ – პირადად მე და ფედერალური მთავრობა – ყველაფერს გავაკეთებთ ჩვენს ქვეყანაში და ჩვენს კონტინენტზე მშვიდობისა და თავისუფლების შესანარჩუნებლად. ეს არის პოლიტიკური ლიდერობისა და პასუხისმგებლობის ყველაზე მნიშვნელოვანი პრინციპი ჩვენს ქვეყანაში. მე ამ მცნებას შევასრულებ და ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ უზრუნველვყოთ მშვიდობისა და თავისუფლების შენარჩუნება მსოფლიოს იმ ნაწილში, სადაც საბედნიეროდ ვცხოვრობთ.” – აღნიშნა ფრიდრიხ მერცმა.
გერმანიის კანცლერმა ხაზი გაუსვა იმ გარემოებასაც, რომ რუსეთის თანხმობის გარეშე შეუძლებელია როგორც ცეცხლის შეწყვეტა, ისე უკრაინისთვის უსაფრთხოების გარანტიების მიცემა.
“მაგრამ ისევ და ისევ, ჩვენ ამისგან შორს ვართ. თანმიმდევრობა ასეთი უნდა იყოს: ჯერ ცეცხლის შეწყვეტა, შემდეგ კი უკრაინისთვის უსაფრთხოების გარანტიები რუსეთთან გრძელვადიანი შეთანხმების სანაცვლოდ. და ეს ყველაფერი შეუძლებელია რუსეთის თანხმობის გარეშე და ჩვენ, ალბათ, ჯერ კიდევ საკმაოდ შორს ვართ ამისგან.” – განაცხადა მერცმა.