
სიცრუით და ტყუილით, რომელიც “ბიბისის” მიერ იქნა წარდგენილი საზოგადოებისთვის, რასაც არანაირი საფუძველი არ გააჩნია და სუს-მა ეს გამოძიებით დაადასტურა, რადიკალები ცდილობენ, მღვრიე წყალში კვლავ შეეცადონ და დაიჭირონ თევზი, ისევ მოატყუონ საზოგადოება, – ასე აფასებს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, დავით მათიკაშვილი, რადიკალების მიერ “კამიტით მოწამვლის” შესახებ წარმოებულ მორიგ კამპანიას.
მათიკაშვილის თქმით, ერთი წლის წინ არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით, აქტივისტები იტყუებიან, რითაც, მათთვის დავალების მიმცემ გარე ძალებს, შესაძლოა, კიდევ ჰქონდეთ პროვოკაციის გარკვეული მცდელობა, თუმცა, არსებობს გამოძიების მასალები, სადაც ყველაფერია აღწერილი.
“ერთი წლის წინანდელ ქმედებებზე და არსებულ ვითარებაზე დღეს იტყუებიან და ამბობენ, თითქოს, რაიმე ფორმით დაზიანება მიიღეს, არადა, მსგავსი რამ არ მომხდარა, არ ყოფილა ასეთი შემთხვევა. ეს არის ტყუილი, რომლითაც, გარე აქტორებს, გარე დამხმარე პირებს, დავალების მიმცემებს და მათი პროპაგანდის მატარებელ მედიასაშუალებებს, შესაძლოა, კვლავ ჰქონდეთ პროვოკაციის და ტყუილის გარკვეული მცდელობა, თუმცა, სიმართლე არის ერთი – ჩვენმა უსაფრთხოების სამსახურებმა გამოიძიეს თავიდან ბოლომდე ეს საკითხი, არსებობს შესაბამისი გამოძიების მასალები და იყო მკაფიოდ გაკეთებული განცხადება, რომ თუ ვინმეს საერთაშორისო პლატფორმებიდან დააინტერესებს, რეალურად, რასთან გვაქვს საქმე და აქვთ იმის მზაობა, ეს ტყუილი შეიცნონ და გაიაზრონ, მობრძანდნენ და ჩვენ ამ მასალებს ვაჩვენებთ. დანარჩენი ყველაფერი, არის ცრუპენტელობა, ჩვენი ქვეყნის, საქართველოს წინააღმდეგ მიმართული ქმედებები.
“ბიბისის” რეპუტაციაზე ბევრს არ ვილაპარაკებ, მოუსმინეთ შეერთებული შტატების პრეზიდენტს, თეთრი სახლის ადმინისტრაციას და ნახავთ, რეალურად რას დაემსგავსა დღეს, ერთ დროს ავტორიტეტული ბრიტანეთის საზოგადოებრივი მაუწყებელი.” – განაცხადა დავით მათიკაშვილმა.