შევახსენებ ყველას, მათ შორის ჩვენს ოპონენტებს, რომ იმ პირობებში, როდესაც უამრავი პრობლემა იყო ქვეყანაში, პოლიტიკური არასტაბილურობა, ქაოსი, პანდემია, უამრავი პროცესი მიმდინარეობდა ქვეყანაში, ამ ფონზე ასეთი უმაღლესი დონის ვიზიტები განხორციელდა ქვეყანაში, ეს მიუთითებს ჩვენი ქვეყნის მნიშვნელობაზე, ჩვენი ქვეყნისა და მთავრობის სტრატეგიული დონის ურთიერთობებზე და იმ ნდობაზე, რომელიც ჩვენს შორის არსებობს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა.
მთავრობის მეთაურის თქმით, სწორედ მოქმედი ხელისუფლების პირობებში რეალური შედეგები მიიღო ქვეყანამ ძალიან მოკლე პერიოდში.
„არ მინდა ოპონენტების ამ აბსურდულ ცილისწამებაზე კომენტარი გავაკეთო, ფაქტი არის ჯიუტი და ფაქტი ყველასთვის ნათელია, რომ საქართველო აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებს შორის არის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული, მოკაშკაშე ვარსკვლავი. ჩვენი მისწრაფებებით, ჩვენი შედგებით და ეს დადასტურდა ბრიუსელის სამიტზეც, რომელიც ხაზს უსვამს ჩვენს პერსპექტივას, ჩვენს მისწრაფებას. ჩვენი ამბიციაა, 2024 წელს გავაკეთოთ ოფიციალური განაცხადი ევროკავშირის წევრობაზე. ამის შემდეგ, ბუნებრივია, დაველოდებით ევროკავშირის გადაწყვეტილებას, თუმცა, აქვე მინდა, შევახსენო ჩვენს მოსახლეობას, რომ სწორედ ჩვენი ხელისუფლების დროს, ჩემი პირველი პრემიერობის დროს მოეწერა ხელი ასოცირების შეთანხმებას, თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულებას და უვიზო რეჟიმის გეგმა, სავალდებულო შესასრულებელი გეგმა ჩემს დროს დაიხურა, რაც გახდა საფუძველი იმისა, რომ დღეს ჩვენ ევროპაში უვიზოდ დავდივართ და ფართოდ არის გაღებული ყველა კარი. ეს არის რეალური შედეგი ძალიან მოკლე პერიოდში. ამას გარდა, მინდა ყველას შევახსენო, რომ იმ ფონზე, როდესაც მე ვახსენე უკრაინა და უამრავი პრობლემა, რომელიც მსოფლიოში არსებობს, უამრავი კრიზისი, ავღანეთი, შემდეგ ყარაბაღის ომი და უამრავი სხვა სირთულე, ჩვენ ვახერხებთ ამ ოკუპაციის პირობებში და ჩვენს ტერიტორიაზე ვცხოვრობთ რუსულ ჯართან ერთად და ვახერხებთ მშვიდობას და სტაბილურობის შენარჩუნებას. ჩვენ ჩვენი გონივრული, პრაგმატული პოლიტიკით შევძელით დეესკალაცია, სიტუაციის დარეგულირება, პროგნოზირებადობა. რა თქმა უნდა, საბოლოოდ, ჩვენი ქვეყნის მიზანია ჩვენი ქვეყნის გაერთიანება, მაგრამ იქამდე მივიდეთ. ამას სჭირდება კარგად გააზრებული დეოკუპაციის გეგმა, როგორ მივდივართ. თუ ამ საგიჟეთში, ქაოსში ვიქნებით და ამ ადამიანების დღის წესრიგით ვიცხოვრებთ, რა თქმა უნდა, ვერაფერს მივაღწევთ. ამიტომ, ჩვენ ახლა უნდა გადავიდეთ მხოლოდ საქმეზე. საქმე, საქმე და საქმე. საქმე უნდა ვაკეთოთ”, – აღნიშნა პრემიერმა.