
შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის ახმეტის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, 1991 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი, გ.ი. ავტომობილის ქურდობის ბრალდებით დააკავეს. ინფორმაციას შსს ავრცელებს.
„გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მიმდინარე წლის 12 იანვარს, ახმეტის მუნიციპალიტეტში, ყაზბეგის ქუჩაზე, ფარულად დაეუფლა 1957 წელს დაბადებულ ბ.ბ.-ს კუთვნილ ავტომობილს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.
სამართალდამცველებმა ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად დამნაშავე პირის ვინაობა მალევე დაადგინეს და გ.ი. ბრალდებულის სახით დააკავეს. ნივთმტკიცებად ამოღებულია მოპარული ავტომობილი.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და მე-3 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს“, – ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.