
ქუთაისის საქალაქო სასამართლოში მაღაროელების საქმეზე სასამართლო პროცესი გაიმართა.
სასამართლომ გიორგი ნეფარიძესა და მერაბ სარალიძეს ექვსი წელი და სამი თვე, არჩილ ჭუმბურიძესა და თენგიზ გველესიანს კი, ოთხი წელი და სამი თვე მიუსაჯა.
გადაწყვეტილება მოსამართლე თამარ მაზანაშვილმა მიიღო.
ქუთაისის საქალაქო სასამართლოში დაკავებულების ოჯახის წევრები და კოლეგები იმყოფებოდნენ.
ამასთან, აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით ოფიციალური ინფორმაცია გაავრცელა საქართველოს პროკურატურამ.
„ქუთაისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და ჭიათურაში მომხდარი ჯგუფური ძალადობის ორგანიზების, ხელმძღვანელობისა და ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის ფაქტზე 4 პირი დამნაშავედ ცნო.
სასამართლოში გამოკვლეული მტკიცებულებებით დადგინდა, რომ ჭიათურის მუნიციპალიტეტში მდებარე მაღაროებში წარმოებული საქმიანობის გამო, 2025 წლის 28 აპრილს ორმა ბრალდებულმა ორგანიზება გაუწია ერთ-ერთი მაღაროს დირექტორზე ჯგუფურ თავდასხმას, ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ პერევისაში ავტომანქანით გადაადგილებისას, ფიზიკური ანგარიშსწორების მიზნით, სხვა პირებთან ერთად ავტომანქანებით გზა გადაუკეტეს.
ბრალდებულები სხვა პირებთან ერთად თავს დაესხნენ დაზარალებულს და განახორციელეს მასზე ფიზიკური ძალადობა, რის შედეგადაც დაზარალებულმა მიიღო ყვრიმალის ძვლის ფრაგმენტული მოტეხილობა და სხვადასხვა დაზიანებები.
თავდასხმისას ასევე დაზიანდა მისი კუთვნილი ავტომანქანა. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, ორი პირი ცნობილია დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით (ჯგუფური ძალადობის ორგანიზება, ხელმძღვანელობა და მონაწილეობა) სასჯელის სახედ და ზომად ექვსი წლითა და სამი თვით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრათ, ხოლო ორი პირი ცნობილია დამნაშავედ სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის მეორე ნაწილით (ჯგუფური ძალადობაში მონაწილეობა) სასჯელის სახედ და ზომად ოთხი წლითა და სამი თვით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრათ“, – ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.