სახალხო დამცველი შეკრებებისა და მანიფესტაციების ჩატარების წესთან დაკავშირებულ აკრძალვებსა და პასუხისმგებლობის ნორმებს საკონსტიტუციო სასამართლოში ასაჩივრებს

საქართველოს სახალხო დამცველმა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს საკონსტიტუციო სარჩელით მიმართა. საკონსტიტუციო სარჩელით გასაჩივრებულია „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ საქართველოს კანონით შეკრების ან მანიფესტაციის მონაწილეთათვის განსაზღვრული აკრძალვები, მათ  შორის, სახის ნიღბით ან ნებისმიერი სხვა საშუალებით დაფარვის ბლანკეტურად აკრძალვა.

შეკრებისა და მანიფესტაციის ჩატარების წესებთან დაკავშირებული შინაარსობრივი აკრძალვებთან ერთად, კონსტიტუციურ სარჩელში სადავოდ არის გამხდარი საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებული პასუხისმგებლობის შემადგენლობა, როგორც უალტერნატივო პატიმრობა, ისე კანონით გათვალისწინებული ჯარიმის ოდენობა.

ამასთან, კონსტიტუციური სარჩელით სადავოდ არის გამხდარი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით დაწესებული სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა, რომელიც ადმინისტრაციულ სახდელდადებული პირის მიერ იმავე ქმედების განმეორებით ჩადენისათვის შეკრების ან მანიფესტაციის მონაწილის, მათ შორის, არასრულწლოვანისა და ორგანიზატორის მიმართ დაწესებული თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

Back to top button