
შინაგან საქმეთა სამინისტროს მცხეთა-მთიანეთის პოლიციის დეპარტამენტის საგამოძიებო სამმართველოს თანამშრომლებმა, დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობისა და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-ტარების ბრალდებით, წარსულში ნასამართლევი 2 პირი: 1982 წელს დაბადებული ს.ც. და 1986 წელს დაბადებული ი.მ. დააკავეს. ინფორმაციას შსს ავრცელებს.
გამოძიებით დადგინდა, რომ ერთ-ერთმა ბრალდებულმა, თანმხლებ პირთან ერთად, მიმდინარე წლის 24 იანვარს, მცხეთის მუნიციპალიტეტში, ცეცხლსასროლი იარაღიდან რამდენიმე გასროლით სასიკვდილო ჭრილობები მიაყენა – 1980 წელს დაბადებულ ზ.ს.-ს და 1985 წელს დაბადებულ გ.ქ.-ს.
დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი დანაშაულის შემდეგ ორივე ბრალდებული შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.
პოლიციამ საქმეზე ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დანაშაულში მონაწილე ორივე პირი ბრალდებულის სახით დააკავა.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე და 236-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.