
შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის პოლიციის დეპარტამენტის ხონის რაიონულ სამმართველოს თანამშრომლებმა ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების წესის დარღვევის ბრალდებით, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია – 1977 წელს დაბადებული ზ.ს. დააკავეს. ინფორმაციას შსს ავრცელებს.
უწყების ცნობით, გამოძიებით დგინდება, რომ მიმდინარე წლის 27 იანვარს ხონის მუნიციპალიტეტში ბრალდებული მსუბუქი ავტომობილით ჯერ ბეტონის ბორდიურს, შემდეგ კი ქვეითად მოსიარულე -1959 წელს დაბადებულ ი.ყ.-ს შეეჯახა.
„ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავდა ავტომობილის მძღოლი და ქვეითად მოსიარულე მამაკაცი. ორივე მათგანი შესაბამისი სამედიცინო დახმარების მიზნით კლინიკაში გადაიყვანეს, სადაც მიღებული დაზიანებების შედეგად ი.ყ. გარდაიცვალა.
ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით მიმდინარეობს, რაც 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს“, – ნათქვამია განცხადებაში.