ილია ღუდუშაურს ნახევარი მილიონი ლარის ოდენობის საპატიმრო გირაო შეეფარდა

თბილისის საქალაქო სასამართლომ ჯანდაცვის მინისტრის ყოფილ მოადგილეს ილია ღუდუშაურს აღკვეთის ღონისძიების სახით 500 000-ლარიანი საპატიმრო გირაო შეუფარდა.

ღუდუშაურს პასპორტი ჩამოერთმევა და საზღვრის გადაკვეთა პროკურორის ნებართვის გარეშე აეკრძალება.

ღუდუშაურს ბრალად ედება სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება.

ბრალდებულმა დანაშაული აღიარა და გამოძიებასთან ითანამშრომლა.

გამოძიების ინფორმაციით, ჯანდაცვის სამინისტრომ სასწრაფო დახმარების 70 მანქანის შესყიდვაზე ტენდერი გამოაცხადა, რომელშიც მონაწილეობა მიიღო სამმა პრეტენდენტმა. გამარჯვებულად გამოვლინდა ყველაზე დაბალი ფასის წარმდგენი კომპანია, თუმცა, ბრალდებულმა ტენდერი უკანონოდ შეწყვიტა.

ახალი ტენდერი შეცვლილი პირობებით გამოცხადდა, ის მოარგეს ერთ კონკრეტულ პრეტენდენტს და ღუდუშაურის ნაცნობს. სამინისტრომ ამ კომპანიას, სულ ცოტა, 2 მილიონით მეტი გადაუხადა.

Back to top button