
ანალიტიკოსი გია აბაშიძე აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის იურიდიული კომიტეტის შუალედურ ანგარიშს, რომელიც ევროკომისიის მხრიდან გლობალური ცენზურისა და პოლიტიკური კონტენტის შეზღუდვის ფაქტებს აღწერს, სოციალურ ქსელში ეხმიანება და აღნიშნავს, რომ „აშშ-ის კონგრესის დასკვნით, ევროკომისია კონტინენტის არჩევნებში ჩაერია და ცენზურის სადარაჯოზეა“, რასაც საქართველოს ხელისუფლება დიდი ხანია ამბობს.
მისი განცხადებით, აღნიშნული ანალიზი აცამტვერებს „ევროკრატიის ყალბ თავმომწონეობას“ და გამოდის, რომ ისინი არა დემოკრატიის მხარდამჭერები, არამედ, კლასიკური ნეოსაბჭოური აქტორები არიან.
„უსერიოზულესი მხილება, რასაც საქართველოს ხელისუფლება დიდი ხანია ამბობს – აშშ-ის კონგრესის დასკვნით, ევროკომისია კონტინენტის არჩევნებში ჩაერია და ცენზურის სადარაჯოზეა! კაპიტოლიუმის ეს ანალიზი აცამტვერებს ევროკრატიის ყალბ თავმომწონეობას, რომ დემოკრატიის მხარდამჭერნი არიან, ისინი კლასიკური ნეოსაბჭოური აქტორები არიან ყალბი „ქოლგის ქვეშ“, სახელწოდებით „EU“.
სუვერენიტეტისტი „ქართული ოცნების“ პოლიტიკა შეუვალია, ხარჯონ ახლა ამოქოლვადი შავბნელი გზებით ნაცმარგინალები; კონვულსიებში ჩავარდნენ ანტიქართველი ნეოკოლონიალისტები ვაშინგტონსა და ბრიუსელში. ავაზაკი ევროკრატიის მაქინაციები სახეზეა.
აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის იურიდიულმა კომიტეტმა გამოაქვეყნა შუალედური ანგარიში სახელწოდებით „უცხოური ცენზურის საფრთხე, ნაწილი II: ევროპის ათწლიანი კამპანია გლობალური ინტერნეტის ცენზურისათვის და როგორ აზიანებს იგი გამოხატვის თავისუფლებას შეერთებულ შტატებში“. კომიტეტისთვის სასამართლო უწყების საფუძველზე წარდგენილი „დიდი ტექნოლოგიური“ კომპანიების არასაჯარო დოკუმენტები ცხადყოფს, რომ ევროკომისიამ წარმატებით განახორციელა ზეწოლა მსხვილ სოციალურ პლატფორმებზე მათი კონტენტის მოდერაციის გლობალური წესების შესაცვლელად, რაც პირდაპირ აზიანებს ონლაინ გამოხატვის თავისუფლებას შეერთებულ შტატებში.
სულ მცირე, 2020 წლიდან გამართულ 100-ზე მეტ დახურულ შეხვედრაზე, ევროკომისია ახდენდა ზეწოლას პლატფორმებზე, რათა მათ შეეცვალათ გლობალურად მოქმედი კონტენტის მოდერაციის წესები კონტენტის უფრო აგრესიული ცენზურის სასარგებლოდ, რაც პირდაპირ ლახავს ამერიკელების ონლაინ სიტყვის თავისუფლებას შეერთებულ შტატებში.