
ჩვენი ერთ-ერთი უმთავრესი მიღწევა 2012 წლის შემდეგ არის ბიზნესის თავისუფლება. დღესაც ეს პრინციპი არის განუხრელად უზრუნველყოფილი და ამ პროცესშიც, როცა საქმე ეხება ფასებს, ეს პრინციპი განუხრელად იქნება დაცული, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ „იმედის კვირასთან” ინტერვიუში განაცხადა.
მთავრობის მეთაურის თქმით, პროცესში სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ჩართვის ერთადერთი ამოცანა ინფორმაციის მიღებაა, რათა გაირკვეს, რეალურად როგორ წარმოიქმნება ფასნამატი.
„ამას არ ჰქონდა არავითარი რეპრესიული მიზანი და დატვირთვა. შესაბამისად, აქ შიშის საფუძველი არავის აქვს. ჩვენი ერთ-ერთი უმთავრესი მიღწევა 2012 წლის შემდეგ არის ბიზნესის თავისუფლება. დღესაც ეს პრინციპი არის განუხრელად უზრუნველყოფილი და ამ პროცესშიც, როცა საქმე ეხება ფასებს, ეს პრინციპი განუხრელად იქნება დაცული. ამას ვამბობდით ყველა შეხვედრაზე, როგორც საჯაროდ, ასევე დახურულ კარს მიღმა. ყველას ვეუბნებოდით, რომ ბიზნესის თავისუფლება არის მთავარი და წამყვანი პრინციპი და ამასთან, ყველამ ერთად – ჩვენ, ბიზნესმა – ჩვენი საერთო სოციალური პასუხისმგებლობით უნდა ვიზრუნოთ კონკრეტული პრობლემის გადაჭრაზე. საბოლოო ჯამში, მარტო ეკონომიკის ზრდა არ არის ჩვენი თვითმიზანი.
თუ ფასებზე არ აისახა, მაგალითად მხოლოდ ეკონომიკის ზრდა და ამის შესაბამისად ხელფასის ზრდა არ არის გამოსავალი. ჩვენ კომპლექსურად უნდა შევხედოთ ვითარებას და ყველამ ერთად უნდა ვიმოქმედოთ სოციალური პასუხისმგებლობით. ეს არის ჩვენი მოწოდება ბიზნესის მიმართ. რა თქმა უნდა, არავითარი ჩარევა, მით უმეტეს, უხეში ჩარევა ბიზნესის თავისუფლებაში. სწორედ ბიზნესის თავისუფლების პირობებში ჩვენ ყველამ ერთად – ხელისუფლებამ და ბიზნესმა – ერთად უნდა ვიპოვოთ გამოსავალი და შევეცადოთ ფასების შემცირებას”, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.