თენგიზ შარმანაშვილი: ოპონენტების მთავარი ამოცანაა, თავი აარიდონ იმ საკითხებს, რომელიც არის უმძიმესი და მთავარი მტკიცებულება საქმეში

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, თენგიზ შარმანაშვილის განცხადებით, საკონსტიტუციო სასამართლოში ოპონენტების მთავარი ამოცანა იმ საკითხებისთვის თავის არიდებაა, რომლებიც, მისი თქმით, მათი არაკონსტიტუციურობისა და პარტიების გაუქმების საფუძველს წარმოადგენს.

შარმანაშვილის თქმით, წარსულში ჩადენილი დანაშაულების გარდა, აღნიშნული პარტიების გაუქმების არგუმენტი მომავალში არსებული საფრთხეცაა, რადგან მისი თქმით, მათ პასუხებში სწორედ პოლიტიკური საფრთხის შემცველი დამოკიდებულება იკვეთება.

მან ასევე ისაუბრა დროებითი საგამოძიებო კომისიის მუშაობაზე იმ იმ ბრალდებაზე, რომ თითქოს კომისია მიკერძოებული იყო. შარმანაშვილის თქმით, მიკერძოება იქნებოდა მხოლოდ გარკვეული კატეგორიის პირების მოწვევა და სხვების არა.

„მათი მთავარი ამოცანაა, თავი აარიდონ იმ საკითხებს, რომელიც არის უმძიმესი და მთავარი მტკიცებულება საქმეში, რომ ისინი არაკონსტიტუციურები არიან და მათი პარტიები უნდა გაუქმდეს ამ უდიდესი დანაშაულების გამო და არა მხოლოდ ამის, არამედ იმის გამოც, რომ მომავალშიც საფრთხის შემცველნი არიან. მათი პასუხებიდან ჩანს მათი დამოკიდებულება, რომ პოლიტიკური საფრთხის მატარებლები არიან. ამის გამო რომ ამას თავი აარიდონ, მეორეხარისხოვან საკითხებზე, პოლიტიკურ განცხადებებზე ითხოვენ ხოლმე ჩვენს პასუხებს. რა თქმა უნდა, ჩვენ ამას არ წამოვეგებით და იმ ძირითად ხაზს, რაშიც მათ ბრალი ედებათ, რითაც ჩვენი გაგებით უტყუარად მტკიცდება, რომ მათ უამრავი დანაშაული აქვთ ჩადენილი და ადასტურებს მათ არაკონსტიტუციურობას, ამას თავს ვერ აარიდებენ, ჩვენ ამის საშუალებას არ მივცემთ.

ჩვენ მაშინ ვიქნებოდით მიკერძოებულები მხოლოდ გარკვეული ტიპის ადამიანები მოგვეწვია [საგამოძიებო კომისიაზე] და მეორე კატეგორიის ადამიანები არ მოგვეწვია.

თვითონ არ მოვიდნენ, მეტიც, 9-ჯერ გავაფრთხილეთ, რომ არ მოსვლა სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას გამოიწვევდა. არ მოვიდნენ, ამის გულისთვის ციხეში წავიდნენ და ახლა მე მთხოვენ პასუხს მე რატომ არაფერი მათქმევინეო. იმდენად არანაირი მტკიცებულებები და არანაირი სათქმელი არ აქვთ არც საზოგადოებისთვის და არც სასამართლოსთვის, ასეთ ავანტიურაზე და ტყუილებზეც კი მიდიან“, – განაცხადა თენგიზ შარმანაშვილმა.

Back to top button