
ჩვენ გვაქვს დეფიციტი და არათუ შემცირებაზე უნდა იყოს საუბარი, პირიქით, მაქსიმალურად უნდა მოვიძიოთ კადრები უნივერსიტეტში მუშაობისთვის, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
მისივე თქმით, ხელისუფლება მაქსიმალურად იზრუნებს აკადემიურ პერსონალზე.
„ზოგადად, ჩვენი დამოკიდებულება არის ის, რომ მაქსიმალურად უნდა ვიზრუნოთ აკადემიურ პერსონალზე, ამას ხაზი გავუსვით დღევანდელ შეხვედრაზეც. რაც შეეხება ჰუმანიტარულ მიმართულებებს ტექნიკურ უნივერსიტეტში, მილევად რეჟიმში რჩება და აქედან გამომდინარე, შესაბამისი აკადემიური პერსონალიც რჩება. რაც შეეხება ამ პროგრამების დასრულებას, ამის შემდეგ მაქსიმალურად უნდა ვიზრუნოთ აკადემიურ პერსონალზე. მთლიანობაში, საქართველოში არის დაახლოებით 6 000 პროფესორ-მასწავლებელი, რომელიც მუშაობს უმაღლესი განათლების სისტემაში, აქედან ალბათ მაქსიმუმ 1 000 არის ისეთი, ვინც მთლიანად არის, ასე ვთქვათ, დამაგრებული უმაღლეს სასწავლებლებში. დანარჩენები, როგორც წესი, შეთავსებით, ან არასრულ განაკვეთზე მუშაობენ უნივერსიტეტებში. აქედან გამომდინარე, ჩვენ გვაქვს დეფიციტი და არათუ შემცირებაზე უნდა იყოს საუბარი, პირიქით, მაქსიმალურად უნდა მოვიძიოთ კადრები უნივერსიტეტში მუშაობისთვის. შესაბამისად, შეგვიძლია, ხმამაღლა გავცეთ პირობა, რომ მაქსიმალურად ვიზრუნებთ აკადემიურ პერსონალზე ყველა უნივერსიტეტში, განურჩევლად გადაადგილების შინაარსისა,”- განაცხადა პრემიერმა.