პარიზში, ღვინის საერთაშორისო გამოფენაზე 30-მდე ქართული კომპანიის პროდუქციაა წარმოდგენილი

ღვინის ეროვნული სააგენტოს და საფრანგეთის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოს მხარდაჭერით, პარიზში ღვინისა და ალკოჰოლიანი სასმელების მასშტაბურ საერთაშორისო გამოფენაზე „Wine Paris“ ქართული ღვინის მწარმოებელი 30-მდე კომპანიის პროდუქციაა წარმოდგენილი.

„Wine Paris მსოფლიო მასშტაბით ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი გამოფენაა ღვინის ინდუსტრიაში, სადაც, ტრადიციულად, თავს იყრიან ღვინის პროფესიონალები, იმპორტიორები და მედიის წარმომადგენლები. ქართული ღვინის წარდგენა აღნიშნულ გამოფენაზე არის საუკეთესო შესაძლებლობა ქართული ღვინის ცნობადობის გასაზრდელად, ახალი პარტნიორების მოსაზიდად და არსებული სავაჭრო ურთიერთობების გასაძლიერებლად“, – აღნიშნა ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარის მოადგილე თამთა ყველაიძემ.

სამდღიან გამოფენაზე მსოფლიოს 60-მდე ქვეყნის ასეულობით მწარმოებლის ალკოჰოლიანი სასმელებია წარმოდგენილი. გამოფენას, ტრადიციულად, სტუმრობს 50 ათასზე მეტი ვიზიტორი ევროპისა და აზიის ქვეყნებიდან, ასევე აშშ-დან და კანადიდან.

მიმდინარე კვირაში, ასევე ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით, ქვევრის ღვინის მწარმოებელმა ცხრა მარანმა საკუთარი პროდუქცია პარიზში, ბუნებრივი ღვინოების საერთაშორისო გამოფენაზე „RAW Wine Paris 2026“ წარმოადგინა.

Back to top button