
თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო გასაღების და ცრუ ინფორმაციის მიწოდების ფაქტზე ბრალდებული სანდრო წივწივაძე დამნაშავედ ცნო.
სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ სანდრო წივწივაძემ მასზე რეგისტრირებული ცეცხლსასროლი იარაღები: ,,GLOCK 19x”; ,,CESKAZBROJOVKA(CZ) – 75 P-07 DUTY” ; ,,GLOCK – 17″ ; ,,MAKAROV – BAIKAL-442″ ; ,,GLOCK – 19″, 2025 წლის 15 მარტამდე მართლსაწინააღმდეგოდ გაასაღა გიორგი კაჭკაჭაშვილზე და გიორგი ჯოხაძეზე. აღნიშნული იარაღებიდან ერთ-ერთი იარაღით, ,,GLOCK 19″, გელა უძილაურმა 2025 წლის 14 მარტს განზრახ მოკლა ლევან ჯანგველაძე და გია ჩადუნელის განზრახ მკვლელობა სცადა.
2018 წლის 7 სექტემბრიდან 2023 წლის 13 სექტემბრამდე პერიოდში, სანდრო წივწივაძემ მასზე რეგისტრირებული ცეცხლსასროლი იარაღი, “TAURUS – 617 SS2″ მართლსაწინააღმდეგოდ გაასაღა ერთ-ერთ პირზე, რომელიც ამოღებულ იქნა მისი თვითმკვლელობის ფაქტზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში.
2019 წლის 5 ივლისიდან 2019 წლის 22 ივლისამდე პერიოდში, სანდრო წივწივაძემ მასზე რეგისტრირებული ცეცხლსასროლი იარაღი, TT – C” მართლსაწინააღმდეგოდ გაასაღა სხვა პირზე, რომელიც ამოღებული იქნა მისი პირადი ჩხრეკის დროს.
ასევე ცეცხლსასროლი იარაღი „UZKON PMAX” 2022 წლის მარტში მეგობარს აჩუქა.
გამოკვლეული მტკიცებულებებით ასევე დადგინდა, რომ სანდრო წივწივაძემ 2020 წლის 13 მაისს სამართალდამცველებს მიმართა და განაცხადა, რომ მის მფლობელობაში არსებული იარაღები დაკარგა. აღნიშნულ ფაქტზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში გამოკითხვების დროს ბრალდებული გაფრთხილებული იქნა ცრუ ინფორმაციისთვის მოსალოდნელი სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობის შესახებ. მიუხედავად ამისა მან გამოძიებას ცრუ ინფორმაცია მიაწოდა, რითაც მართლმსაჯულებას შეუშალა ხელი.
სამართალდამცველებმა ბრალდებული 2025 წლის 14 მაისს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მეხუთე ნაწილით (სამი ეპიზოდი)(ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო გასაღება) და 370-ე მუხლის მეორე ნაწილით (მართლმსაჯულებისათვის ხელის შეშლა, რაც გამოიხატა გამოკითხული პირის მიერ ცრუ ინფორმაციის მიცემით სისხლის სამართლის საქმეზე, პირადი მოტივით) წარედგინა.
თბილისის საქალაქო სასამართლომ ბრალდებული სრულად ცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად 8 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.