მარიამ ქვრივიშვილი: საქართველოსა და ხორვატიას შორის ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავების კუთხით საკმაოდ დიდი შესაძლებლობები გვაქვს

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მარიამ ქვრივიშვილმა საქართველო-ხორვატიის ბიზნეს-ფორუმი გახსნა. როგორც მინისტრმა სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, ორი ქვეყნის ბიზნესსექტორებს შორის ამ ფორმატში შეხვედრა მნიშვნელოვანი და ეფექტური პლატფორმაა სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავებისთვის, ასევე იდეების, გამოცდილების გაცვლის თვალსაზრისით და რეალური შესაძლებლობაა ერთობლივი პროექტების, ინვესტიციებისა და გრძელვადიანი პარტნიორობის დასაწყებად.

„დარწმუნებული ვარ, ჩვენი ქვეყნების კერძო სექტორებს შორის ამ ფორმატში შეხვედრა ნამდვილად იქნება მორიგი ხელშესახები წარმატების საფუძველი. დღეს თითოეულ თქვენგანს შესაძლებლობა გექნებათ, დაამყაროთ ახალი კონტაქტები, გაცვალოთ მოსაზრებები იმისთვის, რომ მომავალ წლებში ხელშესახები შედეგები გვქონდეს ქვეყნებს შორის ეკონომიკური და სავაჭრო ურთიერთობების გაძლიერების თვალსაზრისით. უნდა აღინიშნოს, რომ ამ ეტაპისთვის საქართველოსა და ხორვატიას შორის ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავების კუთხით საკმაოდ დიდი სივრცე და შესაძლებლობები გვაქვს”, – განაცხადა მარიამ ქვრივიშვილმა.

ღონისძიება ხორვატიის რესპუბლიკის პრეზიდენტის ზორან მილანოვიჩის საქართველოში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში გაიმართა და მასში მონაწილეობა მიიღო ორივე ქვეყნის 100-მდე ბიზნესმენმა. მარიამ ქვრივიშვილმა ხორვატიის პრეზიდენტს მადლობა გადაუხადა საქართველოში ვიზიტისთვის. მინისტრმა აქცენტი ბოლო წლებში ქვეყნებს შორის ეკონომიკური კავშირების განვითარების დადებით დინამიკაზე და პროგრესზე გააკეთა და იმედი გამოთქვა, რომ ბიზნეს-შეხვედრები ხელს შეუწყობს საქართველოსა და ხორვატიის საქმიანი წრეების დაახლოებას, რაც გაზრდის ორმხრივ ვაჭრობას, წაახალისებს B2B კავშირებს და გაზრდის თანამშრომლობის ხარისხს ეკონომიკის სხვადასხვა სექტორში.

მარიამ ქვრივიშვილმა სიტყვით გამოსვლისას ხაზი გაუსვა, რომ ქვეყნებს შორის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების გაძლიერების ფუნდამენტი კერძო სექტორია. მინისტრმა ხორვატიის წარმომადგენლებს ინფორმაცია მიაწოდა საქართველოს ხელისუფლების მიერ ინიცირებული კერძო სექტორის – მცირე, საშუალო, ასევე მსხვილი მეწარმეების ხელშეწყობის პროექტების, მექანიზმებისა და ინსტრუმენტების შესახებ, რომლებმაც უზრუნველყო ბიზნესის მდგრადობა და სწრაფი განვითარება. მარიამ ქვრივიშვილმა ასევე ვრცლად ისაუბრა ბოლო წლებში საქართველოს ეკონომიკის ზრდის კუთხით არსებული პროგრესის შესახებ. მინისტრმა ხაზი გაუსვა ისეთ სექტორებს, რომლებსაც განსაკუთრებული როლი და წვლილი შეაქვს ქვეყნის ეკონომიკის განვითარებაში და რომელთა შემდგომი გაძლიერება მთავრობის მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს, მათ შორის – ენერგეტიკის, ტრანსპორტის, ლოგისტიკის, IT, ასევე განათლების და სტუმარ-მასპინძლობის სექტორები.

Back to top button