მარიამ ქვრივიშვილი: ჩვენთვის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი გამოწვევაა, რომ დახლებზე ნაკლებად არის წარმოდგენილი ქართული ადგილობრივი პროდუქცია

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის განცხადებით, ფასების შემცირებასთან დაკავშირებით დაწყებული პროცესის ფარგლებში გამოიკვეთა ერთი უმნიშვნელოვანესი გამოწვევაც, რომ დახლებზე ნაკლებად არის წარმოდგენილი ქართული ადგილობრივი პროდუქცია.

„ეს არის ჩვენთვის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი საკითხი – ერთი მხრივ, ჩვენი ამოცანაა იმპორტზე დამოკიდებულების შემცირება, მეორე მხრივ, ადგილობრივი წარმოების კიდევ უფრო მეტად ხელშეწყობა, რომ დავეხმაროთ ადგილობრივ მეწარმეებს და არსებული ბარიერები ერთობლივი ძალისხმევით, კონსტრუქციული დიალოგის საფუძველზე დავძლიოთ, მოვძებნოთ სწორი ბალანსი და გამოსავალი, რომელიც საინტერესო და მომგებიანი იქნება კერძო სექტორისთვის, ამავდროულად, ხელს შეუწყობს მცირე და საშუალო მეწარმეობის განვითარებას – საბოლოო ჯამში, უნდა მივიღოთ ის შედეგები, სადაც ჩვენი მოსახლეობის ინტერესები იქნება გათვალისწინებული” – განაცხადა მარიამ ქვრივიშვილმა.

ეკონომიკის მინისტრმა კიდევ ერთხელ ხაზი გაუსვა ქვეყანაში არსებულ თავისუფალ საინვესტიციო და ბიზნესგარემოს. მარიამ ქვრივიშვილის განცხადებით, 2012 წლიდან დღემდე არ არსებობს არც ერთი ფაქტი, როდესაც თუნდაც ერთი კომპანია იტყვის, რომ მასზე რაიმე ზეწოლა ხორციელდებოდა.

„ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ყველაზე მეტი კავშირი აქვს კერძო სექტორთან, ბიზნესის წარმომადგენლებთან და ჩვენი მთავარი ამოცანაა, მაქსიმალურად გვერდში დავუდგეთ, ხელი შევუწყოთ ბიზნესს იმისთვის, რომ მათთან ერთად ყოველწლიურად გავზარდოთ ქვეყნის ეკონომიკა” – აღნიშნა მარიამ ქვრივიშვილმა.

Back to top button