მარიამ ქვრივიშვილი: დარწმუნებული ვარ, რომ კერძო სექტორთან ერთად სწორი საერთო ძალისხმევით აუცილებლად უზრუნველვყოფთ სასურსათო პროდუქციაზე ფასების შემცირებას

სამომხმარებლო ფასების შემცირებასთან დაკავშირებით კერძო სექტორთან დაწყებული დიალოგის შეფასებისას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მარიამ ქვრივიშვილმა განაცხადა, რომ შეხვედრები იყო ძალიან საინტერესო და ძალიან გულწრფელი.

„ფაქტობრივად, ყველა მიგნება, რომელიც ჩვენი კვლევის საფუძველზე გასაჯაროვდა, თითოეულ შეხვედრაზე ყველა მიმართულებით იქნა კერძო სექტორისგან დადასტურებული. შესაბამისად, დასაფასებელია, რომ კერძო სექტორი შეხვედრაზე მოდიოდა უკვე კონკრეტული მოსაზრებებით, გადაჭრის გზებით და ჩვენ ყველა შეხვედრის ბოლოს რეალურად ვაჯერებდით პოზიციებს, რა იქნებოდა უფრო მეტად სწორი გზა, რომ დასახულ მიზნამდე ერთობლივი ძალისხმევით სწორად მივიდეთ”, – განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა.

როგორც მარიამ ქვრივიშვილმა აღნიშნა, პროცესი უკვე პარლამენტში, კომისიის ფარგლებში გრძელდება და მოსახლეობას აქვს ძალიან კარგი შესაძლებლობა, პირდაპირი ეთერის საშუალებით ინფორმაცია მიიღოს თითოეულ საკითხთან დაკავშირებით, მოისმინოს კერძო სექტორის, ასევე საპარლამენტო უმრავლესობისა და ოპოზიციური პარტიების შეფასებები.

„ვფიქრობ, საკმაოდ ჯანსაღი, საკმაოდ კარგი პროცესია მოსახლეობისთვის, ისევე როგორც ბიზნეს სექტორის წარმომადგენლებისთვის და, რა თქმა უნდა, ძალიან ოპტიმისტურად ვარ განწყობილი. დარწმუნებული ვარ, რომ სწორი საერთო გზებით აუცილებლად უზრუნველვყოფთ სასურსათო პროდუქციაზე ფასების შემცირებას” – განაცხადა მარიამ ქვრივიშვილმა.

Back to top button