
პრეზენტაციები, ინტერაქციული ვორქშოპები, თამაშები, გუნდური შეჯიბრებები და დებატები გარემოსდაცვით საკითხებზე – „თეგეტა გრინ პლანეტის“ მხარდაჭერით „სიტყვის აკადემიის“ ზამთრის ბანაკმა ახალგაზრდებს კახეთში უმასპინძლა. ერთი კვირის განმავლობაში 9-17 წლის მოზარდები სრულად ჩამოშორდნენ სოციალურ ქსელებს და ჯანსაღი, ადამიანური ურთიერთობების, შემოქმედებითი აზროვნებისა და პასუხისმგებლობიანი, მდგრადი მომავლის ჩამოყალიბების მიზნით გაერთიანდნენ.
შალვა ახვლედიანი, „თეგეტა გრინ პლანეტის“ დირექტორი: „ჩვენი ჩართულობის მთავარი მიზანი ახალგაზრდებში გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლება იყო – თაობაში, რომელიც ქმნის მომავალს. გრძელვადიან პერსპექტივაში ეს ბიზნესისთვის აუცილებელი სეგმენტია: ჩვენ ამ გარემოში ვცხოვრობთ ჩვენი შვილებით, ოჯახებით, მეგობრებით. თუ ახალგაზრდებს ადრეულ ასაკშივე არ ეცოდინებათ ნარჩენების სწორი მართვა, მათ შეიძლება უნებლიეთ ზიანი მიაყენონ საკუთარ თავს, გარემოსა და სხვა ადამიანებს. მაგრამ როდესაც მათ თავიდანვე იციან, რომ ნარჩენი შეიძლება იქცეს ბიზნესშესაძლებლობად, ეს ქმნის ახალ, პასუხისმგებლობიან აზროვნებას. ეს კი რეალური ცვლილების მნიშვნელოვანი წინაპირობაა“.
ბანაკის პროგრამა სხვადასხვა თემატიკას მოიცავდა. მათ შორის, ლიტერატურას, ფილოსოფიას, მუსიკას, ისტორიას, კინემატოგრაფიას, ხელოვნებასა და ეკოლოგიას. ბანაკის მონაწილეებს თემის შესაბამისი სფეროს წარმომადგენლები ყოველდღიურად სტუმრობდნენ. სპიკერებს შორის იყვნენ ალექსანდრე ლორთქიფანიძე, გია მურღულია, გიორგი კეკელიძე, მაია ბარათაშვილი, გიგი დედალამაზიშვილი, ასევე, „თეგეტა ჰოლდინგის“ შრომის უსაფრთხოებისა და გარემოს დაცვის განყოფილების ხელმძღვანელი თამარ დოლიძე.
თამარ დოლიძე, „თეგეტა ჰოლდინგის“ შრომის უსაფრთხოებისა და გარემოს დაცვის განყოფილების ხელმძღვანელი: „ბავშვების ცოდნა საკმაოდ მაღალი იყო – ისინი ლოგიკურად პასუხობდნენ კითხვებს გარემოს დაცვაზე, მათ შორის ავტომობილების გამონაბოლქვზე, მეორადი ზეთების გადაღვრასა და ნარჩენების სეპარირებაზე. ვფიქრობ, კერძო სექტორის წარმომადგენლები ცნობიერების ამაღლების მსგავს ღონისძიებებში აქტიურად უნდა იყვნენ ჩართულები, რათა ხელი შევუწყოთ ერთგვარი გარემოსდაცვითი კულტურის ჩამოყალიბებას და მომავალმა თაობამ პატარა ასაკიდანვე გაიაზროს, რომ გარემოს დაცვა და ეკონომიკური განვითარება ერთმანეთს არ ეწინააღმდეგება“.
„თეგეტა გრინ პლანეტის“ მხარდაჭერით ბანაკის მონაწილეებმა ისეთი მნიშვნელოვანი საკითხები განიხილეს, როგორებიცაა მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულების არსი, ცირკულარული ეკონომიკის პრინციპები და საავტომობილო ნარჩენების – საბურავების, აკუმულატორების, ზეთების – სწორი მართვის ტექნოლოგიები. დებატებისა და მსჯელობის შედეგად ახალგაზრდები მივიდნენ იმ დასკვნამდე, რომ გარემოზე ზრუნვა და სოციალური პასუხისმგებლობა არ გამორიცხავს ეკონომიკურ მოგებას, პირიქით – ერთმანეთს ავსებს და ერთობლივად ქმნის მდგრად, გრძელვადიან წარმატებას. ბანაკის მონაწილეებმა აქტიური დისკუსიის შედეგად გაიაზრეს, რომ ცირკულარული ეკონომიკის მოდელი არა მხოლოდ ამცირებს გარემოს დატვირთვას, არამედ ქმნის ახალ შემოსავლის წყაროებს, ამცირებს ხარჯებს ნედლეულის შეძენისას და ზრდის კომპანიის რეპუტაციას ბაზარზე.
ანდრია კიკონიშვილი, „სიტყვის აკადემიის“ დირექტორი: „კომპანიების ამგვარი ჩართულობა საგანმანათლებლო ინიციატივებში საშუალებას გვაძლევს, უფრო მრავალფეროვანი, ხარისხიანი და პროდუქტიული გავხადოთ მომავალი თაობის პიროვნული ზრდის პერიოდი. „თეგეტა გრინ პლანეტის“ მხარდაჭერამ და პროცესში აქტიურმა მონაწილეობამ ბანაკი უფრო შინაარსიანი და საინტერესო გახადა. ჩვენთვის ძალიან სასიამოვნო იყო, როდესაც რამდენიმე ახალგაზრდამ ინიციატივა გამოიჩინა, რომ მსგავსი პრეზენტაციები მათ სკოლებშიც გაიმართოს. ეს სურვილი ნათლად წარმოაჩენს, რომ ბიზნესის ჩართულობა და მსგავსი დიალოგები ცვლილებების სურვილს აღვიძებს და აჩენს ინტერესს, რომ ისინი თავადაც გახდნენ გარემოსდაცვითი აქტივობების მონაწილეები“.
„თეგეტა გრინ პლანეტი“, როგორც მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულების ავტორიზებული ორგანიზაცია, უკვე წლებია მუშაობს საავტომობილო ნარჩენების მდგრად მართვაზე, თანამედროვე გადამმუშავებელი ტექნოლოგიების დანერგვასა და ცირკულარული ეკონომიკის განვითარებაზე საქართველოში. ზამთრის ბანაკის მხარდაჭერითა და ახალგაზრდებთან უშუალო კომუნიკაციით კომპანია კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ბიზნესის აქტიური ჩართულობა გარემოსდაცვით საკითხებში არა მხოლოდ სოციალური პასუხისმგებლობა, არამედ სტრატეგიული ინვესტიციაა უფრო სუფთა და მდგრადი მომავლისთვის.
—
„თეგეტა გრინ პლანეტი“ „თეგეტა ჰოლდინგში“ დაკავშირებული ორგანიზაციაა, რომელიც 2022 წლიდან ფუნქციონირებს. ის ერთ-ერთი პირველია საქართველოში, რომელმაც გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსაგან ავტორიზაცია მოიპოვა მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულების ფარგლებში ნარჩენი საბურავების, ზეთებისა და აკუმულატორების მართვაზე. ორგანიზაცია პირველ ეტაპზე ახდენს ზემოაღნიშნული სპეციფიკური ნარჩენების რეგლამენტის მიხედვით შეგროვებას, ტრანსპორტირებას, გადამუშავებას, შემდგომ კი მათ მართვას ცირკულარული ეკონომიკის წესების შესაბამისად.