ლაშა გეგეჭკორი ცხოველთა უფლებების დამცველების მიერ მის მიმართ განხორციელებულ მუქარასთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტროს გამოძიების დაწყებისთვის მიმართავს – მემუქრებიან! თუ ვიჩივლებ, წამების შემდეგ ტყვიას მივიღებ

მიუსაფარ ცხოველთა პოპულაციის მართვის, კახეთის და შიდა ქართლის სააგენტოების კონცეპტუალური პროექტის თანაავტორი, ლაშა გეგეჭკორი, მის მიმართ ცხოველთა უფლებების დამცველების მიერ განხორციელებულ მუქარასთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტროს გამოძიების დაწყებისთვის მიმართავს.

ლაშა გეგეჭკორის მიერ გავრცელებულ ვიდეოში ასახულია, სოციალურ პლატფორმა „ტიკტოკზე“ გორელი ცხოველთა უფლებების დამცველის, ირმა მთიულიშვილის და დავით ზანდუკელს საუბარი, სადაც დავით ზანდუკელი აცხადებს, რომ ლაშა გეგეჭკორი და მისი კოლეგები იმსახურებენ დასჯას, თავდაპირველად უნდა აწამოს, შემდეგ კი „ტყვია დაახალოს ჯერ მუხლებში და შემდეგ შუბლში.“

ლაშა გეგეჭკორის განცხადებით, რამდენიმე დღის წინ მან მოუწოდა ზემოთ აღნიშნულ პიროვნებებს კორექტულობისკენ, რამდენადაც მისი მისამართით სიტყვიერ შეურაცხყოფას მიმართავდნენ, ამის შემდეგ კი ისინი უშუალოდ მუქარაზე გადავიდნენ.

„ეს არის ნაწყვეტი, გორელი ცხოველთა უფლებების დამცველი ირმა მთიულიშვილის საჯარო ლაივიდან “ტიკტოკზე.” მე ის მხოლოდ ერთხელ მყავს ნანახი. 2018 წლის 22 მარტს, როდესაც გორის მუნიციპალიტეტის მერიის საკონფერენციო დარბაზში ჩავატარე მიუსაფარ ცხოველთა მართვის შიდა ქართლის რეგიონული სააგენტოს კონცეფციის პრეზენტაცია. პრეზენტაციის შემდეგ, ირმა მთიულიშვილმა მისცა ინტერვიუ ადგილობრივ ტელევიზიას, სადაც განაცხადა რომ ეს სააგენტო (თავშესაფარი) იქნებოდა ცხოველების სასაკლაო. ვიკითხე მისი ვინაობის შესახებ და მითხრეს რომ ის გორში ფლობს ვეტერინარულ კლინიკას „მარკო.”

ბიზნესინტერესი სახეზე იყო. მე არც მეორე მოსაუბრეს-დავით ზანდუკელს არ ვიცნობ. მასზე ვიცი, ნანახი და შენახული მაქვს ფოტო/ვიდეო მასალა, სადაც სჩანს როგორ აიღო შტურმით (გალავანზე გადახტომით) სხვებთან ერთად 2024 წელს, მიუსაფარ ცხოველთა მართვის კახეთის რეგიონული სააგენტო. ის ვიდეოში ამბობს: “არ ვიცი ვინ არის…გეგეჭკორია, ზავრაშვილია, გიუნაშვილია… ერთადერთი რაც მაგათი მაინტერესებს, არის მაგათი დასჯა რა. მორჩა რა… ჯერ უნდა აწამო ეგენი და წამების მერე უნდა იმენნა დაახალო მუხლებში და მერე შუბლში ტყვია რა.” გასულ დღეებში ორჯერ გავავრცელე ზოგადი სახის განცხადება პიროვნებების დასახელების გარეშე.

მოვუწოდე მათ ჯანსაღი კრიტიკისკენ და ვურჩიე დაენებებინათ თავი ლანძღვა-გინებისთვის. არ გაიგეს და მუქარაზე გადავიდნენ! მემუქრებიან! თუ ვიჩივლებ, წამების შემდეგ ტყვიას მივიღებ მე-თბილისის მერიის თანამშრომელი. ტყვიას მიიღებს თეიმურაზ ზავრაშვილი-კახეთის სააგენტოს დირექტორი. და ტყვიას მიიღებს ბექა გიუნაშვილიც-შიდა ქართლის სააგენტოს დირექტორი. საჯაროდ გიჩივით. წაიკითხეთ და გელოდებით. მივმართავ შინაგან საქმეთა სამინისტროს- დაუყოვნებლად დაიწყეთ აღნიშნულ ფაქტზე გამოძიება,“ – წერს ლაშა გეგეჭკორი.

Back to top button