თამარ იოსელიანმა ფოლკლორისტის ანზორ ერქომაიშვილის და ეთნომუსიკოლოგის თამარ მამალაძის საფოსტო მარკების პრეზენტაციაში მიიღო მონაწილეობა

ფოლკლორის საერთაშორისო ცენტრში ცნობილი ფოლკლორისტის ანზორ ერქომაიშვილის და საქართველოში პირველი ქალი ეთნომუსიკოლოგის თამარ მამალაძის საფოსტო მარკების პრეზენტაცია გაიმართა. მარკები, რომელიც საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ბრძანებით გაეშვა მიმოქცევაში, „საქართველოს ფოსტამ” დაამზადა.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე თამარ იოსელიანის განცხადებით, ანზორ ერქომაიშვილისა და თამარ მამალაძის მარკების გამოცემა არის მადლიერების გამოხატვა ამ ორი ღვაწლმოსილი ადამიანის მიმართ, რომლებმაც შეუფასებელი წვლილი შეიტანეს საქართველოს კულტურის, განსაკუთრებით, ფოლკლორის განვითარებაში.

„საფოსტო მარკას არ აქვს მხოლოდ საფოსტო საგადახდო და ფილატელისტური დანიშნულება, ის ქვეყნის ისტორიის, კულტურის და მიღწევების შესახებ პატარა ფორმატში მოქცეული დიდი ამბავია. ანზორ ერქომაიშვილი იყო ადამიანი, რომელმაც ქართული ფოლკლორი მსოფლიო კულტურის ღირსეულ ნაწილად აქცია. თამარ მამალაძე პირველი ქართველი ეთნომუსიკოლოგი ქალია, რომლის საქმიანობამ მნიშვნელოვანი კვალი დატოვა ქართული ფოლკლორული მემკვიდრეობის განვითარებაში,” – აღნიშნა თამარ იოსელიანმა.

ღონისძიებაზე სიტყვით გამოვიდნენ კულტურის მინისტრი თინათინ რუხაძე, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს კავშირგაბმულობის, საინფორმაციო და თანამედროვე ტექნოლოგიების დეპარტამენტის უფროსი ეკა ყუბუსიძე, საქართველოს ფოსტის გენერალური დირექტორი გიორგი ერაძე და ანზორ ერქომაიშვილის სახელობის ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის აღმასრულებელი დირექტორი გიორგი დონაძე.

ღონისძიების ფარგლებში, საქართველოს ფოსტის გენერალურმა დირექტორმა, ანზორ ერქომაიშვილის სახელობის ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრს, ანზორ ერქომაიშვილის მეუღლეს ლალი სეთურიძეს და თამარ მამალაძის შთამომავლებს საფოსტო მარკების პირველი ეგზემპლარები გადასცა.

ქართული საფოსტო მარკები მიმოქცევაშია 2026 წლის იანვრიდან და ხელმისაწვდომია საქართველოს ფოსტის სერვისცენტრებში.

Back to top button