მეღვინეობის დარგი წარმატებული სახელმწიფო მხარდაჭერის შედეგად გახდა, – ლევან მეხუზლა

„რთველის დროს სახელმწიფო მხარდაჭერა ათასობით მევენახე-ფერმერს საქმიანობის გაგრძელების შესაძლებლობას და ხარისხიანი ყურძნის წარმოების მოტივაციას აძლევს, რაც უმნიშვნელოვანესია მეღვინეობის ინდუსტრიის განვითარებისა და საერთაშორისო ბაზრებზე ქართული ღვინის კონკურენტუნარიანობისთვის. ჩვენთვის პრიორიტეტია მევენახეს ყურძენი არ დარჩეს ჩაუბარებელი. სახელმწიფო რთველის დროს ყურძნის შესყიდვის პროცესში ერთვება მხოლოდ მაშინ, როცა მოსავალი ჭარბია და მასზე კერძო სექტორიდან მოთხოვნა არ არსებობს. შესაბამისად, სახელმწიფო კერძო სექტორთან კონკურენციაში არ შედის“, – აღნიშნა ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე ლევან მეხუზლამ.

სააგენტოს თავმჯდომარის განცხადებით, სახელწმიფოს ქმედებები სრულად მიმართულია ქართული ღვინის ხარისხის გაუმჯობესებისკენ.

„უმნიშვნელოვანესია, რომ ის ნედლეული, რომლისგანაც მზადდება ღვინო, იყოს შესაბამისად მაღალი ხარისხის. მიმდინარე წელს რთველისთვის დაგეგმილი ცვლილებებით, იმ შემთხვევაში, თუ სახელმწიფოს მოუწევს ჭარბი ყურძნის მიღება, დადგენილია სამი ფასი. აღნიშნული გადაწყვეტილების ერთდერთი მიზანი ხარისხიანი ღვინის წარმოების ხელშეწყობა და მევენახეებისთვის მოტივაციის გაზრდაა, აწარმოონ ხარისხიანი ყურძენი. “, – განაცხადა ლევან მეხუზლამ.

ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარემ ისაუბრა „ვაზისა და ღვინის შესახებ საქართველოს კანონში“ ცვლილებზე, კერძოდ, მიმდინარე წლიდან სამეწარმეო ვენახის გაშენებაზე თანხმობის გაცემაზე. „ვენახების გაშენების თანხმობის აღება მოუწევს მხოლოდ იმ პირებს, რომლებიც გეგმავენ კომერციულ საქმიანობას და არ ეხება მათ, ვინც ვენახის გაშენებას პირადი მოხმარებისთვის აპირებს.  ვენახების გაშენების დროს ყურადღება უნდა მიექცეს ვაზის ნერგების ხარისხს, გაშენების ექსპოზიციას, ნიადაგს, ჯიშებს. ყველაფერი უნდა შეესაბამებოდეს იმ სტანდარტს, რაც საშუალებას იძლევა, მივიღოთ ხარისხიანი ყურძნის მოსავალი და ღვინო. თუ ამ ყველაფერს მეწარმე გაითვალისწინებს, მას არ შეექმნება გაშენების თანხმობის მიღებაში დაბრკოლება“, – განაცხადა მან.

როგორც ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარემ აღნიშნა, სწორედ სახელმწიფო მხარდაჭერის შედეგად გახდა მეღვინეობის დარგი წარმატებული. მეღვინეობა ქვეყნის წამყვანი სტრატეგიული დარგია. ქართული ღვინო საქართველოს საექსპორტო პროდუქციის ხუთეულშია სტაბილურად. მხოლოდ ღვინისა და სპირტიანი სასმელების ექსპორტით, ქვეყანა შემოსავლების სახით ნახევარ მილიარდზე მეტ აშშ დოლარს იღებს ყოველწლიურად. რომ არ შეფერხდეს ქართული ღვინის 8 ათასწლიანი განვითარების ისტორია, სახელმწიფო მეღვინეობის დარგს მუდმივ მხარდაჭერას უცხადებს.

აღსანიშნავია, რომ 2019-2021 წლებში, სახელმწიფო ვენახების გაშენების მხარდაჭერის პროგრამას ახორციელებდა. მას შემდეგ, რაც მევენახე ფერმერების მხრიდან გამოიკვეთა, რომ ვენახების გაშენების მიმართულებით მხარდაჭერის საჭიროება აღარ არსებობდა, აღნიშნული პროგრამა შეჩერდა.

Back to top button