მარიამ ქვრივიშვილი: სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრის მოადგილესთან შეხვედრისას განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა ეკონომიკის სექტორში – ტრანსპორტის, ტურიზმის, ისევე როგორც ენერგეტიკის მიმართულებით მჭიდრო თანამშრომლობის საკითხებზე

საქართველოსა და სომხეთს შორის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების და კავშირების შემდგომი გაღრმავების საკითხები განიხილეს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მარიამ ქვრივიშვილმა და სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრის მოადგილე ტიგრან ხაჩატრიანმა. შეხვედრა მარიამ ქვრივიშვილის სომხეთში ვიზიტის ფარგლებში გაიმართა, მხარეებმა ქვეყნებს შორის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების არაერთი მიმართულებისა და პრიორიტეტული საკითხის შესახებ იმსჯელეს.

„ნაყოფიერი შეხვედრა შედგა სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრის მოადგილე ტიგრან ხაჩატრიანთან, ვისაუბრეთ ქვეყნებს შორის ურთიერთობების და კავშირების გაღრმავებაზე. ცხადია, განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა ეკონომიკის სექტორში – ტრანსპორტის, ტურიზმის, ისევე როგორც ენერგეტიკის მიმართულებით მჭიდრო თანამშრომლობის საკითხებზე. ამასთან, ჩვენთვის პრიორიტეტს წარმოადგენს, რომ სომხეთთან არსებული ურთიერთობები მაქსიმალურად გამოვიყენოთ ქართული პროდუქციის სომხეთში ექსპორტის ხელშეწყობის მიზნით, რაც, რა თქმა უნდა, გააძლიერებს ქართველ მეწარმეებს”, – განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მარიამ ქვრივიშვილმა.

ეკონომიკის მინისტრის ინფორმაციით, სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრის მოადგილესთან შეხვედრისას ხაზი გაესვა საქართველოს როლს და მის კონტრიბუციას რეგიონში მშვიდობის უზრუნველყოფის კუთხით, განსაკუთრებით იმ ჟესტის მიმართ, რომელიც საქართველოს მთავრობამ უზრუნველყო სიმბოლური ტარიფის დაწესებით აზერბაიჯანიდან სომხეთის მიმართულებით ნავთობპროდუქტების ტრანსპორტირების თვალსაზრისით. როგორც აღინიშნა, საქართველოს მთავრობის ამ გადაწყვეტილებას ორივე ქვეყნისთვის უდიდესი მნიშვნელობა ჰქონდა.

შეხვედრისას ასევე საუბარი შეეხო ენერგეტიკის სექტორში იმპორტის, ექსპორტის, ისევე როგორც ტრანზიტის მიმართულებით თანამშრომლობის გაღრმავების საკითხს. როგორც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა აღნიშნა, საქართველო განაგრძობს, იყოს ძალიან სანდო პარტნიორი, განსაკუთრებით როგორც დამაკავშირებელი, ტრანზიტული ქვეყანა სომხეთის რესპუბლიკასა და ევროკავშირის ქვეყნებს შორის.

„ამ მიმართულებით ჩვენ ძალიან ბევრი საერთო გეგმა გვაქვს, მათ შორის ვისაუბრეთ ინფრასტრუქტურის განვითარების საკითხზე, რაც უზრუნველყოფს ზოგადად ენერგეტიკის სექტორის გაძლიერებას ერთი მხრივ ელექტროენერგიის და მეორე მხრივ გაზმომარაგების თვალსაზრისით”, – აღნიშნა მარიამ ქვრივიშვილმა.

სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრის მოადგილესთან შეხვედრაში მონაწილეობა მიიღეს ეკონომიკის მინისტრის მოადგილეებმა გენადი არველაძემ და თამარ იოსელიანმა, ასევე საქართველოს ელჩმა სომხეთის რესპუბლიკაში გიორგი შარვაშიძემ.

Back to top button