
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი მაია ომიაძე 2026 წლის ზამთრის ტურისტული სეზონის მიმდინარეობას დადებითად აფასებს. როგორც მაია ომიაძე აღნიშნავს, განთავსების ობიექტებიდან და ტურისტული კომპანიებიდან მიღებული ინფორმაციით, ტურისტული ნაკადები და სასტუმროების ჯავშნები გაზრდილია როგორც ზამთრის კურორტებზე, ისე ქვეყნის სხვა ტურისტულ ლოკაციებზე.
მაია ომიაძე ხაზს უსვამს, რომ ტურისტული სექტორი აქტიურად დაიწყო, თუმცა, კიდევ უფრო მეტი მოგზაურის მისაღებად, მათ შორის მაღალმხარჯველი სეგმენტის მოსაზიდად, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია წელს მიზნობრივ ბაზრებზე მასშტაბურ კამპანიებს ჩაატარებს.
„2026 წელი ჩვენი ქვეყნისთვის ტურიზმის თვალსაზრისით პოზიტიურად დაიწყო – ძალიან ბევრი მოგზაური გვყავს ზამთრის სეზონზე, როგორც სამთო კურორტები, ასევე სხვა ადგილები, მათ შორის დედაქალაქი ჯავშნებით არის სავსე. რამდენიმე დღის წინ სვანეთში ვიმყოფებოდით და მინდა, აღვნიშნო, რომ მესტიაში ბევრი საერთაშორისო მოგზაურია. გასული წელი ძალიან მაღალ ნიშნულზე, რეკორდული მაჩვენებელებით დავხურეთ შემოსავლების, ასევე ტურისტული ვიზიტების ნაწილში. ჩვენი პროგრნოზით, მიმდინარე წელი ასევე ძალიან წარმატებული იქნება როგორც შემოსავლების, ისე საერთაშორისო მოგზაურობის ნაწილში. ამისთვის წელს ფართომასშტაბიანი გეგმები გვაქვს მარკეტინგული კამპანიების კუთხით არამარტო სამიზნე, არამედ ახალ ბაზრებზეც. ამასთან, ვაპირებთ ძალების მოსინჯვას კერძო სექტორთან ერთად“, – განაცხადა მაია ომიაძემ.
საქართველოში 2025 წელს ტურისტული ვიზიტების რეკორდული მაჩვენებელი დაფიქსირდა და ისტორიულ მაქსიმუმს 5,521,866 ვიზიტს მიაღწია, ზრდა 2024 წელთან შედარებით +8.4%-ით მეტია.
გასულ წელს საქართველოში 7,803,239 საერთაშორისო მოგზაურის ვიზიტი შედგა, რაც 2024 წელთან შედარებით +5.9%-ით მეტია. 2025 წელი ტურიზმის ინდუსტრიისთვის რეკორდული იყო მიღებული შემოსავლების კუთხითაც – გასულ წელს მოგზაურობიდან (ტურიზმიდან) მიღებული შემოსავლები წლიურად 6.0%-ით გაიზარდა და 4,690.2 მილიონი აშშ. დოლარი შეადგინა.