
„მეღვინეობის დარგის გრძელვადიანი განვითარების პერსპექტივას ყურძნისა და მისგან დამზადებული ღვინის ხარისხი განსაზღვრავს. ვენახების ფორმირება ახლა მიმდინარეობს და მევენახემ ახლავე უნდა იცოდეს, რომ რთველის დროს, თუ სახელწმიფოს მოუწევს ჭარბი ყურძნის ჩაბარება, ფასი პირდაპირ იქნება მიბმული ყურძნის ხარისხზე. მსხმოიარობით დატვირთული ვაზი და არაკონდიციური ყურძენი ვნებს ღვინის ხარისხს და შესაბამისად დარგის მომავალს“, – აღნიშნა ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე ლევან მეხუზლამ.
2026 წლის რთველის დროს, ჭარბი მოსავლის შემთხვევაში, თუ კერძო სექტორი არ გამოხატავს ყურძნის შესყიდვის ინტერესს, სახელმწიფოს მხრიდან 1 კგ ყურძნის შესასყიდად განისაზღვრა შემდეგი ფასები: ,,ვაზისა და ღვინის შესახებ“ საქართველოს კანონით ნებადართული ვაზის ჯიშებისგან მოწეული ყურძენი: შაქრიანობა აღემატება 20%-ს – 1,30 ლარი; შაქრიანობა 17%-დან-20%-მდე – 80 თეთრი, შაქრიანობა არ აღემატება 17-%-ს – 30 თეთრი; რაც შეეხება საფერავს: შაქრიანობა აღემატება 22%-ს – 1,50 ლარი, შაქრიანობა 17%-დან – 22%-მდე – 90 თეთრი, შაქრიანობა არ აღემატება 17-%-ს – 30 თეთრი.
„დიფერენცირებული ფასის დადგენის გადაწყვეტილებით იზრდება მოტივაცია, რომ მევენახემ აწარმოოს უფრო ხარისხიანი მოსავალი. ჩვენ ვზრუნავთ დარგის ჯანსაღ გრძელვადიან განვითარებაზე და, ასევე, გვაქვს სოციალური პასუხისმგებლობა იმ ფერმერების მიმართ, ვისი შემოსავალიც დამოკიდებულია ყურძნის მოსავალზე. ამ პასუხისგებლობის გათვალისწინებით ვაცხადებთ, რომ ყურძენი არ უნდა დარჩეს ჩაუბარებელი, ხოლო დარგის მომავლის გათვალისწინებით, ჩასაბარებელი ყურძენი აუცილებლად უნდა იყოს ხარისხიანი“, – აღნიშნა ლევან მეხუზლამ.