გენერალურმა ინსპექციამ სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ბრალდებით დაცვის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომელი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის თანამშრომლებმა, სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ბრალდებით, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, 1985 წელს დაბადებული რ.ჩ. დააკავეს. ინფორმაციას შსს ავრცელებს.

„გამოძიებით დადგინდა, რომ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის ერთ-ერთი განყოფილების უფროსმა, არაგაბარიტული ტვირთების დაცვა-გაცილების განხორციელებისას, ბოროტად გამოიყენა სამსახურებრივი უფლებამოსილება.

კერძოდ, ბრალდებულმა სამსახურში შესაბამისი დოკუმენტაციის შემდგენ პირს ცრუ ინფორმაცია მიაწოდა ტვირთის გადაადგილების მარშრუტისა და კილომეტრაჟის შესახებ. აღნიშნულიდან გამომდინარე ოფიციალურ აქტში დამკვეთის სასარგებლოდ დააფიქსირა უფრო ნაკლები კილომეტრაჟი, რითაც არსებითად დაირღვა სახელმწიფოს კანონიერი ინტერესი.

გენერალური ინსპექციის თანამშრომლებმა ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად რ.ჩ. ბრალდებულის სახით დააკავეს.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 332-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც 3 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს“, – ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

Back to top button