
საქართველოს პარლამენტში სასურსათო პროდუქციის, მედიკამენტებისა და საწვავის ფასწარმოქმნის სტრუქტურის შემსწავლელი დროებითი კომისიის სხდომა ჩატარდა, სადაც სადისტრიბუციო კომპანიების მონაწილეობით სასურსათო პროდუქციის ბაზრის სტრუქტურის, ფასწარმოქმნის ჯაჭვის და სექტორის საოპერაციო პროცესების განხილვა მიმდინარეობდა.
სხდომაზე, კომპანია „ალფას“ წარმომადგენელს, პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, ნინო წილოსანმა კითხვით მიმართა, რომ ეს მარჟა მათი ბიზნესინტერესიდან მოდის, თუ დიდწილად განპირობებულია ქსელების მხრიდან დაკისრებული ტვირთით, რაზეც კომპანია „ალფას“ წარმომადგენელმა უპასუხა, რომ აღნიშნული პროდუქცია ქსელში არ შედის და სწორედ ამ მიზეზით არ ჩანს გაყიდვებისა და მარკეტინგის ის წილი, რომელიც რეალურად არსებობს.
„იმ პროდუქციაზე, რაც ჩვენ ქსელებში შეგვაქვს, სტანდარტულად გვაქვს ქეშბექი – პირობითად 20%-დან 35%-მდე. გვაქვს ასევე ისეთი პროდუქციის იმპორტი, რომელიც წონით ხდება იმპორტირება. აღნიშნული პროდუქცია ქსელში არ შედის, და სწორედ ამის ხარჯზე არ ჩანს გაყიდვებისა და მარკეტინგის ის წილი, რომელიც რეალურად არსებობს“, – განაცხადა „ალფას“ წარმომადგენელმა.
„ფასწარმოქმნაში მარტო ქსელები არ არიან მონაწილე მხარე, დისტრიბუტორებს მნიშვნელოვან აქტორებად გხედავთ. თქვენს შემთხვევაში, მაგალითად, წინა მომხსენებლისგან განსხვავებით, გაყიდვებისა და მარკეტინგის ხარჯი ძალიან მცირეა. ეს ფასნამატები ზოგიერთ შემთხვევაში 80%-ია, 30%, 40% და ა.შ. მაინტერესებს, თქვენი ბიზნეს ინტერესია სრულად თუ დიდწილად „ქეშბექის“ და ქსელის ტვირთია? იმიტომ, რომ თუ თქვენს შემთხვევაში გაყიდვებისა და მარკეტინგის ხარჯი მინიმალურია, მაშინ მივდივართ იმ აზრამდე, რომ ფასის წარმოქმნის პროცესში საკმაოდ დიდი წილი მოდის დისტრიბუტორის გადაწყვეტილებაზე, ჰქონდეს დიდი ფასნამატი. არაერთხელ გაჟღერებული ფაქტი, რომ საზღვრიდან მაღაზიამდე 80%-ზე მეტი ემატება და ეს ფაქტობრივად დისტრიბუტორების ხარჯზეც მოდის, არ არის მითი და არის რეალობაა“, – აღნიშნა წილოსანმა.