
პოლონეთი ქართული ღვინის ერთ-ერთ სტრატეგიულ ბაზარს წარმოადგენს, სადაც ქართული ღვინო ხელმისაწვდომია როგორც HoReCa სექტორში, ისე ქსელურ მარკეტებსა და ღვინის მაღაზიებში.
პოლონეთის ბაზარზე ქართულ ღვინის ცნობადობისა და საექსპორტო პოტენციალის მაქსიმალური გაზრდის ხელშეწყობის მიზნით, ღვინის ეროვნული სააგენტო მარკეტინგულ კომპანიასთან „People PR” აქტიურად თანამშრომლობს. აღნიშნულ კომპანიას მასშტაბური პიარკამპანიების განხორციელების დიდი გამოცდილება აქვს.
სააგენტოს ფინანსური უზრუნველყოფით, 2026 წელს, ქართული ღვინის დეგუსტაცია-სემინარები პოლონეთში ღვინის პროფესიონალების, ღვინით ვაჭრობის სფეროს წარმომადგენლებისა და მომხმარებლებისთვის გაიმართება; განხორციელდება მიზნობრივი სარეკლამო და მედია კამპანიები; ქართულ ღვინოსთან ერთად, წარმოჩენილი იქნება ქართული ღვინის კულტურა, ქართული სამზარეულო; საქართველოში მოეწყობა ღვინის პროფესიონალების ტურები.
ღვინის ეროვნული სააგენტო კომპანიასთან „People PR“ 2022 წლიდან თანამშრომლობს. აღნიშნულ პერიოდში პოლონეთის ბაზარზე ქართული ღვინის ექსპორტის სტაბილური ზრდა ფიქსირდება. 2025 წელს, საქართველოდან პოლონეთში ექსპორტირებულია 17 მლნ აშშ დოლარის ღირებულების ღვინო, ზრდამ 2024 წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით 2% შეადგინა. საექსპორტო 71 ქვეყნის სიაში პოლონეთმა გასულ წელს მე-2 ადგილი დაიკავა.
პოლონეთთან ერთად, ქართული ღვინის სტრატეგიულ საექსპორტო ბაზრებს აშშ, დიდი ბრიტანეთი, გერმანია, ჩინეთი, სამხრეთ კორეა და იაპონია წარმოადგენს.