მარიამ ქვრივიშვილმა აზერბაიჯანის ეკონომიკის მინისტრ მიქაელ ჯაბაროვთან ორმხრივი ეკონომიკური ურთიერთობები განიხილა

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი აზერბაიჯანის ეკონომიკის მინისტრ მიქაელ ჯაბაროვს შეხვდა. შეხვედრა საქართველო – აზერბაიჯანი – თურქეთის სამმხრივი ბიზნესფორუმის ფარგლებში გაიმართა.

შეხვედრაზე ხაზი გაესვა საქართველოს მნიშვნელოვან როლს რეგიონში მშვიდობისა და დაკავშირებადობის გაძლიერების მიმართულებით. აღინიშნა, რომ სამმხრივი ფორუმი 2012 წლიდან ტარდება და წლების განმავლობაში ჩამოყალიბდა, როგორც სამმხრივი ეკონომიკური თანამშრომლობის ეფექტიანი პლატფორმა.

შეხვედრაზე მინისტრებმა განიხილეს სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების პრიორიტეტული მიმართულებები, მათ შორის, ხაზი გაესვა იმ პოზიტიურ დინამიკას, რომელიც ორ ქვეყანას შორის ორმხრივ ვაჭრობაში არსებობს. აღინიშნა, რომ აზერბაიჯანი საქართველოს ერთ-ერთი უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორია – 2025 წლის მონაცემებით, აზერბაიჯანში საქართველოს ადგილობრივი ექსპორტი 26 პროცენტით გაიზარდა, ხოლო ექსპორტის სიდიდით მეოთხეა საქართველოს უმსხვილეს ექსპორტიორ ქვეყნებს შორის. მხარეებმა აღნიშნეს, რომ ორმხრივ ვაჭრობაში წარმატებული თანამშრომლობის მიუხედავად, ქვეყნები დაინტერესებული არიან ვაჭრობის მოცულობა გაიზარდოს. ამ მხრივ, მინისტრებმა დიდი მნიშვნელობა მიანიჭეს ბიზნესფორუმების, სავაჭრო მისიების და სხვა სახის ღონისძიებების გამართვას ორი ქვეყნის ბიზნესწრეების მონაწილეობით. მხარეებმა დადებითად შეაფასეს საქართველო – აზერბაიჯანი – თურქეთის რიგით მე -7 ბიზნესფორუმის ჩატარება, რომელშიც 400 – მდე კომპანიამ მიიღო მონაწილეობა.

შეხვედრაზე ასევე ხაზი გაესვა თანამშრომლობის გაღრმავების მნიშვნელობას ისეთ სექტორებში, როგორიცაა ინვესტიციები, ტრანსპორტი და ლოგისტიკა, ტურიზმი, სოფლის მეურნეობა, ენერგეტიკა, კავშირგაბმულობა და სხვ. განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა რეგიონული პროექტების განხორციელების ხელშეწყობაზე. ქართულმა მხარემ ვრცლად ისაუბრა სატრანსპორტო – ლოგისტიკურ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე, რომელთა განვითარებაც გაზრდის შუა დერეფნის კონკურენტუნარიანობას და ხელს შეუწყობს საქართველოს, როგორც სატრანსპორტო ჰაბის ჩამოყალიბებას. ხაზი გაესვა ისეთი პროექტების განხორციელების მნიშვნელობას, როგორიცაა საქართველოს რკინიგზის მოდერნიზაცია, რკინიგზის სავაგონე და სალოკომოტივე შემადგენლობის განახლება, აგრეთვე საპორტო ინფრასტრუქტურის განვითარება და სხვ.

შეხვედრაზე ასევე გამახვილდა ყურადღება ქვეყნების თანამშრომლობაზე ნავთობისა და გაზის ტრანსპორტირების მიმართულებით. ხაზი გაესვა ორი ქვეყნის ნაყოფიერ კოოპერაციას სამხრეთის გაზის დერეფნის ფარგლებში, რომლის მეშვეობითაც აზერბაიჯანული ბუნებრივი გაზის ტრანზიტი საქართველოს გავლით თურქეთისა და ევროპის ბაზრებზე ხორციელდება.

შეხვედრას ესწრებოდნენ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილეები გენადი არველაძე, თამარ იოსელიანი და ირაკლი ნადარეიშვილი, აგრეთვე საქართველოს ელჩი აზერბაიჯანის რესპუბლიკაში ზურაბ პატარაძე.

Back to top button