პროკურატურამ ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის, ტარების და საქართველოში მალულად შემოტანის ფაქტზე უცხო ქვეყნის მოქალაქეს ბრალდება წარუდგინა

საქართველოს პროკურატურამ ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის, ტარების და საქართველოში მალულად შემოტანის ფაქტზე უცხო ქვეყნის მოქალაქეს ბრალდება წარუდგინა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა საზღვარგარეთ მართლსაწინააღმდეგოდ შეიძინა და საქართველოს ტერიტორიის გავლით რუსეთის ფედერაციულ რესპუბლიკაში გადაზიდვის მიზნით, ავტომანქანაში მოწყობილ სამალავში მართლსაწინააღმდეგოდ შეინახა 13 ერთეული ცეცხლსასროლი იარაღი, რაც 25 თებერვალს, თურქეთის რესპუბლიკიდან მალულად და წესის დარღვევით გადმოიტანა საქართველოს ტერიტორიაზე. ცეცხლსასროლი იარაღები: 8 ცალი „GLOCK “-ის მოდელის პისტოლეტი, 3 მოდელის „MP 5,7“-ის პისტოლეტი და 2 ცალი „ FIVE SEVEN“-ის მოდელის პისტოლეტი სასაზღვრო გამშვები პუნქტის, „სარფი“-ს ტერიტორიაზე ბრალდებულის მართვის ქვეშ მყოფი ავტომანქანის ჩხრეკის შედეგად ამოიღეს.

დაკავებულს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მესამე, მეოთხე, მეხუთე ნაწილებით (ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარება, გადაზიდვა) და 214-ე მუხლის მეოთხე ნაწილით (საქართველოს საბაჟო საზღვარზე ცეცხლსასროლი იარაღის წესის დარღვევით გადმოტანა) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პროკურატურა ბრალდებულებისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს.

Back to top button