
ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორმა, გენერალ-მაიორმა კობა კობალაძემ, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის ბრძოლებში დაღუპული მეომრების დედებს დედის დღე მიულოცა.
სამსახურის დირექტორმა იმერეთის რეგიონში, კერძოდ, თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ ძევრში, 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომში დაღუპული შმაგი სოფრომაძის დედას, ქალბატონ ქეთოს, ვანის მუნიციპალიტეტში, შინდისის ბრძოლის გმირის, მიხეილ დვალიშვილის დედას, ქალბატონ მედეას, შემდეგ გურიაში_ ოზურგეთში, საქართველოს ეროვნული გმირის, ზაზა დამენიას დედას, ქალბატონ ციურის და ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მერიაში, აფხაზეთის ომში დაღუპული ბესარიონ ვასაძის დედას, ქალბატონ მეგისას დედის დღე მიულოცა.
შემდეგ, კობა კობალაძე, ქ. ფოთში, 2008 წლის აგვისტოს ომში დაღუპული მეომრების _თემურ ფიჩხაიასა და ზვიად ბარბაქაძის დედებს_ ქალბატონებს _ეთერსა და მთვარისას ეწვია.
სამსახურის ხელმძღვანელი, მოგვიანებით, აჭარის რეგიონში, ქობულეთში, 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომში დაღუპული თენგიზ ჭაღალიძის დედას ესტუმრა.
კობა კობალაძემ, ქალბატონებს, სამშობლოს ერთგული შვილების გაზრდისთვის მადლობა კიდევ ერთხელ გადაუხადა, მათ სამახსოვრო საჩუქრები გადასცა და დღეგრძელობა და მხნეობა უსურვა:
“ჩვენი ერი ამაყია ასეთი ღირსეული ქალბატონებით, რადგან სწორედ ასეთი გმირი დედები უზრდიდნენ ქვეყანას გმირ შვილებს, რომელთა თავგანწირვა, სამშობლოს სიყვარული და ერთგულება თაობიდან თაობას გადაეცემოდა ცხოვრების მაგალითად. სწორედ ასეთმა ღირსეულმა, გმირმა ქალებმა და კაცებმა მოიტანეს ჩვენი სანუკვარი ქვეყანა აქამდე! კიდევ ერთხელ მადლობა მათ! ქედს ვიხრი მათი ღვაწლის წინაშე! მინდა, კიდევ ერთხელ ვთქვა_ ამ გმირი დედების შეუფასებელი ამაგი, მათი გაზრდილი გმირების დაღვრილი სისხლი უკვალოდ არ ჩაივლის და ეს ქვეყანა იქნება ერთიანი და ძლიერი,’’-განაცხადა კობა კობალაძემ.
ინფორმაციისთვის, დედის დღე, საქართველოში, 35 წლის წინ დაწესდა. 1991 წელს, საქართველოს უზენაესმა საბჭომ, პირველი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას გადაწყვეტილება დაამტკიცა, რომელიც 3 მარტის დედის დღედ დაწესებას გულისმობდა.