მეფუტკრეობის სექტორის წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა გაიმართა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილეებმა  ლაშა ავალიანმა და ლაშა დოლიძემ მეფუტკრეობის სექტორის წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა გამართეს.

შეხვედრაზე საუბარი შეეხო სახელმწიფო პროგრამების ფერმერთა საჭიროებებზე მორგების აუცილებლობის და დარგის საკანონმდებლო საკითხებს. ყურადღება გამახვილდა თაფლის ექსპორტის ხელშეწყობაზე და ლაბორატორიული შესაძლებლობების გაძლიერებაზე, რაც პროდუქციის ხარისხის კონტროლსა და საერთაშორისო ბაზრებზე კონკურენტუნარიანობის ზრდას შეუწყობს ხელს.

„მეფუტკრეობის სექტორში, ისე როგორც ყველა დარგში, არსებობს მნიშვნელოვანი და სისტემური საკითხები, რომლებიც საჭიროებს განხილვას და სამინისტროს აქტიურ ჩართულობას. მიუხედავად იმისა, რომ ეს პროცესი მარტივი არ არის, შევთანხმდით, რომ ჩამოვაყალიბებთ სამუშაო პლატფორმას, სადაც შესაძლებელი იქნება დარგისთვის პრიორიტეტული საკითხების შეთანხმება და გადაწყვეტილებების მიღება. სამინისტრო გააგრძელებს სექტორთან აქტიურ თანამშრომლობას“, – აღნიშნა ლაშა ავალიანმა.

საქართველოს მეფუტკრეთა გაერთიანების ხელმძღვანელი ალეკო პაპავა მსგავსი ფორმატის შეხვედრებს მიესალმება. მისი განცხადებით, დარგში არსებული პრობლემები და გამოწვევები სახელმწიფოსა და სექტორს შორის მჭიდრო და თანმიმდევრული თანამშრომლობის პირობებში ეტაპობრივად მოგვარდება.

„შეხვედრა იყო ძალიან შედეგიანი. ვფიქრობ, მსგავსი ფორმატის შეხვედრები აუცილებლად უნდა გაგრძელდეს. დარგში დაგროვილია არაერთი მნიშვნელოვანი საკითხი და დარწმუნებული ვარ, რომ მჭიდრო თანამშრომლობით მათი ეტაპობრივად მოგვარება შესაძლებელი იქნება. ჩვენთვის განსაკუთრებული პრიორიტეტია მეფუტკრეთა რეგისტრაცია და საფუტკრეების იდენტიფიკაცია, რაც დარგის სისტემურ განვითარებას შეუწყობს ხელს. ასევე აუცილებელია საკანონმდებლო რეგულაციების დახვეწა და მეფუტკრეთა მხარდამჭერი პროექტების გაგრძელება”, – განაცხადა ალეკო პაპავამ.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში გამართულ შეხვედრას სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიის დირექტორი ირაკლი გულედანი, სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსის მოადგილე ვასილ კვერნაძე და სამინისტროს შესაბამისი დეპარტამენტების ხელმძღვანელი პირები ესწრებოდნენ.

Back to top button