
კომპანია „Georgian Bus” და „Time for Georgia”-ს დირექტორის, შალვა ხუციშვილის განცხადებით, ITB Berlin 2026-ის საერთაშორისო ტურისტული გამოფენა ერთ-ერთი მთავარი შესაძლებლობაა ქართული ტურისტული პროდუქტების საერთაშორისო აუდიტორიისთვის წარსადგენად და როგორც არსებულ, ისე ახალ პარტნიორებთან კავშირების გასამყარებლად.
„ITB Berlin-ი ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი გამოფენაა, რომელსაც უკვე მეოთხე წელია ვესწრებით. მნიშვნელოვანია იმიტომ, რომ გვაქვს შესაძლებლობა უკვე არსებულ პარტნიორებს შევხვდეთ, ჩვენი ახალი პროდუქტები და სიახლეები გავაცნოთ, მათი აზრიც მოვისმინოთ და დავაკონტრაქტოთ ჯგუფები, რომლებიც ზაფხულში და მომავალ წელს ჩამოვლენ. ასევე, ძალიან მნიშვნელოვანია ახალი პარტნიორების გაცნობა, როგორც გერმანიიდან, ისე მთელი მსოფლიოდან, იმიტომ რომ ერთ სივრცეში ბევრი შეხვედრის ჩატარება შეგვიძლია” – აღნიშნავს შალვა ხუციშვილი.
მისი შეფასებით, ბერლინის გამოფენა უნიკალური შესაძლებლობაა ქვეყნის პოპულარიზაციისთვის, რაც მრავალ ტურისტს დაარწმუნებს, რომ ესტუმრონ საქართველოს. „ვფიქრობ, საქართველოს სტენდის ქონა ITB-ზე ძალიან მნიშვნელოვანია: ვაცნობთ სიახლეებს ჩვენს ქვეყანაზე და სწორად უნდა გამოვიყენოთ ეს შესაძლებლობა, რომ კიდევ უფრო მეტი ადამიანი დავარწმუნოთ, ჩამოვიდეს საქართველოში” – განაცხადა შალვა ხუციშვილმა.
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია გერმანიაში, ITB Berlin 2026-ის საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაში მონაწილეობს. გამოფენაზე ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტთან, ასევე იმერეთისა და სვანეთის დანიშნულების მართვის ორგანიზაციებთან ერთად არის წარდგენილი. გამოფენაში 15-მდე ტურისტული კომპანია და სასტუმრო მონაწილეობს.
ITB Berlin 2026 გამოფენა საშუალებას აძლევს ქართულ კომპანიებს საერთაშორისო ბაზრებზე პოზიციონირება განახორციელონ, შექმნან ტურისტული პაკეტები და მოიზიდონ მაღალმხარჯველი საერთაშორისო ვიზიტორები. გამოფენის სამი დღის განმავლობაში ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ 200-ზე მეტი საქმიანი შეხვედრა გამართა საერთაშორისო ტურისტულ სააგენტოებთან, მედია ორგანიზაციებთან და PR პლატფორმებთან, მათ შორის Booking, BBC, National Geographic, Wanderlust, Lonely Planet, TUI და Conde Nast Traveler და სხვ.
გერმანია საქართველოსთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ტურისტული ბაზარია: 2025 წელს გერმანიიდან საქართველოში 83,656 საერთაშორისო მოგზაური ჩამოვიდა, რაც 6.4%-ით მეტია 2024 წელთან შედარებით, ფრენებს უზრუნველყოფენ Georgian Airways, Lufthansa და Wizz Air, კვირაში 19 სიხშირით.