
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე თამარ იოსელიანი საქართველო – იაპონიის ბიზნეს ფორუმზე სიტყვით გამოვიდა.
მინისტრის მოადგილემ დადებითად შეაფასა საქართველო – იაპონიის ეკონომიკური კავშირები და იმედი გამოთქვა, რომ მსგავსი ბიზნეს ფორუმები ქვეყნებს შორის ურთიერთობებს კიდევ უფრო მეტად გაამყარებს. თამარ იოსელიანის თქმით, ქვეყნებს შორის არსებობს თანამშრომლობის მნიშვნელოვანი შესაძლებლობები ისეთ სექტორებში, როგორიცაა ტრანსპორტი და ლოგისტიკა, ენერგეტიკა, ვაჭრობა, საინფორმაციო ტექნოლოგიები და სხვ.
სიტყვით გამოსვლისას, მინისტრის მოადგილემ ყურადღება გაამახვილა საქართველოს როლზე შუა დერეფნის განვითარების მიმართულებით და აქცენტი გააკეთა ინფრასტრუქტურულ პროექტებზე, რომელთა განვითარებაც გაზრდის დერეფნის გამტარუნარიანობას და კონკურენტუნარიანობას. მათ შორის, თამარ იოსელიანმა დაასახელა საქართველოს რკინიგზის მოდერნიზაცია, ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი, აღმოსავლეთ – დასავლეთის ავტომაგისტრალი, თბილისის ახალი საერთაშორისო აეროპორტი და სხვ.
„საქართველო ბუნებრივი კარიბჭეა რეგიონული ბაზრების დასაკავშირებლად. ბოლო წლებში, ტრანსკასპიურმა საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტმა, რომელიც ფართოდ არის ცნობილი, როგორც შუა დერეფანი, განსაკუთრებული მნიშვნელობა შეიძინა. ამ კუთხით, საქართველომ აჩვენა, რომ არის საიმედო და ეფექტური დამაკავშირებელი ჰაბი აზიასა და ევროპას შორის. 2032 წლისთვის ჩვენ ვგეგმავთ დაახლოებით 7 მილიარდი აშშ დოლარის მობილიზებას ქვეყნის მასშტაბით სატრანსპორტო და ლოგისტიკური ინფრასტრუქტურის მოდერნიზაციისა და განვითარებისთვის,” – აღნიშნა თამარ იოსელიანმა.
ბიზნეს ფორუმზე საქართველოს საინვესტიციო შესაძლებლობებისა და ქვეყნის ინოვაციური ეკოსისტემის შესახებ პრეზენტაციები გააკეთეს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ-ების სააგენტოს „აწარმოე საქართველოში” და „საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს” წარმომადგენლებმა.