
25 თებერვალს მედიაში გავრცელდა ინფორმაცია ვერის სასაფლაოზე შეიარაღებული თავდასხმის შესახებ – ფაქტი გაშუქდა, როგორც „ორმხრივი სროლა“ და “სისხლიანი ანგარიშსწორება“, რომელსაც თითქოს ახალგაზრდა მამაკაცი მხოლოდ იმიტომ გადაურჩა, რომ ტანზე ჯავშანჟილეტი ეცვა. მეტი დამაჯერებლობისთვის, გავრცელდა ნატყვიარი ჯავშან ჟილეტის ფოტოც.
მამაკაცი, რომელსაც მედიაში თავდასხმის მსხვერპლად წარმოადგენდნენ გიორგი რუხაძეა, მეტსახელად “ქოჩორა“ – ნიკო კვარაცხელიას მკვლელობის საქმეში ბრალდებული ძმების, დათა და გუგა კაკულიების დეიდაშვილი.
ვერის სასაფლაოზე „შეიარაღებული თავდასხმის“ შესახებ ცნობა, ცხადია, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გამოძიების დაწყების საფუძველი გახდა.
„პრაიმტაიმის“ ინფორმაციით, გადამოწმდა შემთხვევის ადგილზე დამონტაჟებული თითქმის ყველა ვიდეო კამერის ჩანაწერები. კადრები მიუთითებდა, რომ დროის იმ მონაკვეთში ვერის სასაფლაოზე არათუ გიორგი რუხაძის, არამედ სხვა ადამიანების რაიმე საეჭვო გადაადგილებაც კი არ ფიქსირდება.
გადამოწმდა სატელეფონო ანძის მონაცემებიც და დადგინდა, რომ იმ დღეს გიორგი რუხაძე საკუთარი სახლიდან გამოსულიც კი არ ყოფილა. რა მოხდა სინამდვილეში? ამის გასარკვევად, ე.წ. “დაზარალებული“ პოლიციის განყოფილებაში გამოკითხეს.
„პრაიმტაიმის“ ინფორმაციით, რუხაძემ სამართალდამცველებთან აღიარა, რომ თავდასხმის ისტორია თავად გამოიგონა და სინამდვილეში, იმ დღეს ვერის სასაფლაოს მიმდებარე ტერიტორიაზე საერთოდ არ ყოფილა.
გიორგი რუხაძემ ჩვენებაში დაწერა ისიც, რომ არარსებული თავდასხმის შესახებ ინფორმაციის კონკრეტული მედიისთვის მიწოდება მის მეგობარ გოგოს სთხოვა. სწორედ ასე აღმოჩნდა ვერის სასაფლაოზე “სისხლიანი ანგარიშსწორების“ თემა სატელევიზიო ეთერებშიც.
გიორგი რუხაძე, არ აკონკრეტებს, თუ რა მოტივით მოიგონა მასზე თავდასხმის ფაქტი.