
Eagle hills-ის ინვესტიციაზე იყო დიდი კამპანია, ე.წ. არაბიზაციასთან დაკავშირებით, რაც ჩავარდა, ასევე, საზოგადოება დარწმუნდა იმასთან დაკავშირებით, რომ ეს ინვესტიცია არის აბსოლუტურად რეალური და ის წაადგება ჩვენი ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებას, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ტელეკომპანია “იმედის” ეთერში გამართული დებატების შეფასებისას განაცხადა.
პრემიერის თქმით, იყო დისკუსიის შესაძლებლობა და საზოგადოებამ ბევრად მეტი ინფორმაცია მიიღო Eagle hills-ის ინვესტიციისა და მიგრაციის თემასთან დაკავშირებით.
“ასეთ პირობებში, როდესაც უარს ამბობენ ადამიანები დებატებზე, ჩანს, რომ მათ აქვთ დისკუსიის შიში და ეს მკაფიოდ გამოჩნდა. მიგრაციის და Eagle hills-ის პროექტის თემა ძალიან აქტუალურია და ამ საკითხზე საზოგადოება ინფორმაციას მონოლოგის რეჟიმში იღებდა. როცა მონოლოგის რეჟიმში გესაუბრებიან, ბუნებრივია, სრულფასოვან ინფორმაციას ვერ იღებ. დღეს იყო დისკუსიის შესაძლებლობა და ალბათ საზოგადოებამ ბევრად მეტი ინფორმაცია მიიღო ორივე თემასთან დაკავშირებით. კარგია, რომ არსებითად კონსტრუქციულ რეჟიმში წარიმართა ეს დისკუსია და დარწმუნებული ვარ, ასეთ რეჟიმში გაგრძელდება დებატები ტელეკომპანია “იმედში”.
რაც შეეხება მიგრაციას, დემოგრაფიას, ეს არის ერთ-ერთი რთული, მტკივნეული საკითხი. ჩვენ მაქსიმალურად ვზრუნავთ ამ მიმართულებით ვითარების გაუმჯობესებაზე და ამ კუთხით ინივიატივებიც გავაჟღერეთ. რაც შეეხება Eagle hills-ის ინვესტიციას, იყო ძალიან დიდი კამპანია, ე.წ. არაბიზაციასთან დაკავშირებით, რაც ჩავარდა, როდესაც 8 ბინა იყიდება 257 ბინიდან არაბ მოქალაქეებზე, ჩანს, რომ თითიდან გამოწოვილი იყო ეს კამპანია. ასევე ჩვენ გვქონდა ფინანსურ
მხარეზე საუბრის შესაძლებლობა და ალბათ საზოგადოება დარწმუნდა იმასთან დაკავშირებით, რომ ეს ინვესტიცია არის აბსოლუტურად რეალური და ის წაადგება ჩვენი ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებას”, – განაცხადა პრემიერმა.