
„მათ დაჰპირდნენ რეჟიმის შეცვლას. ახლა ბევრი ირანელი თავს მოტყუებულად გრძნობს“ – ამ სათაურით აქვეყნებს სტატიას The Wall Street Journal.
სტატიის მიხედვით, ირანის წინააღმდეგ ომის დაწყებისას, ისრაელი და აშშ აცხადებდნენ, რომ გზას უხსნიდნენ ირანელებს, აჯანყებისა და მთავრობის დამხობისკენ, რასაც მხარი დაუჭირა ბევრმა ირანელმა, როგორც უკანასკნელ შანსს, დაემხოთ მმართველები, რომლებმაც იანვარში ათასობით მომიტინგე მოკლეს.
ახლა ისინი დგებიან შესაძლებლობის წინაშე, რომ ომი დასრულდება იმავე ავტორიტარული მმართველობის ქვეშ ცხოვრებით და კვლავ მძიმე საერთაშორისო სანქციებისთვის გაძლებით, თუმცა უკვე დანგრეულ ქალაქებში და განაწყენებული მთავრობის პირობებში, რომელმაც პირობა დადო, რომ განსხვავებული აზრის მიმართ კიდევ უფრო მკაცრ პოლიტიკას გაატარებს.
„თეირანში მცხოვრებმა სამოქალაქო საზოგადოების აქტივისტმა და ყოფილმა პოლიტპატიმარმა თქვა, რომ ორი კვირის წინ, როდესაც ომი დაიწყო, ირანელები ნამდვილად იმედიანად იყვნენ განწყობილნი. ახლა კი, მისი თქმით, ისინი თავს მოტყუებულად გრძნობენ.
ინგლისურის ერთმა მასწავლებელმა, რომელიც თეირანში ცხოვრობს და რომელიც წინააღმდეგია როგორც მთავრობის, ისე ომის, უფრო პირდაპირ თქვა: „ჩვენ უბრალოდ მოგვატყუეს“ – თქვა მასწავლებელმა და აღნიშნა, რომ ირანელები მხოლოდ საბაბად გამოიყენეს დამანგრეველი ომის დასაწყებად.
„ისე ჩანს, თითქოს ასი წლით უკან დავბრუნდით“ – წერს WSJ.
სტატიის თანახმად, ირანში იმედგაცრუება გამოიწვია ისრაელისა და აშშ-ის ოფიციალური პირების პოზიციის შეცვლამ – ისინი ახლა ამბობენ, რომ რეჟიმის ცვლილების დრო ჯერ არ არის.
„ბევრმა ადამიანმა ახლა გააცნობიერა, რომ ეს შეიძლება უფრო სახელმწიფოს კოლაფსს ჰგავდეს, ვიდრე რეჟიმის შეცვლას,“ – განუცხადა გამოცემას ელი გერანმაიემ, ირანის საკითხების ექსპერტმა საგარეო ურთიერთობების ევროპულ საბჭოში.
როგორც WSJ წერს, ომი ისე ვითარდება, რომ წელს უკვე მეორედ, ირანელებმა ნახეს, როგორ იხევს უკან აშშ რეჟიმის შეცვლის დაპირებებთან მიმართებით.
იანვრის დასაწყისში დონალდ ტრამპი ირანელ მომიტინგეებს მოუწოდებდა, საკუთარი მთავრობა დაემხოთ. მან სოციალურ მედიაში დაწერა, რომ აშშ იყო „მზად და შეიარაღებული“ და რომ „დახმარება გზაშია“. რამდენიმე დღეში კი მან შეტევის დაწყებაზე უარი თქვა მას შემდეგ, რაც მრჩევლებმა დაარწმუნეს, რომ აშშ-ს საჭირო სამხედრო ძალები ადგილზე არ ჰყავდა. იმ დროს კრიტიკოსები შიშობდნენ იმ მომიტინგეების ბედზე, რომლებიც ტრამპის მოწოდებამ გაამხნევა. როდესაც ომი დაიწყო 28 თებერვალს, ტრამპმა და ბენიამინ ნეთანიაჰუმ კვლავ მოუწოდეს ირანელებს ქუჩაში გამოსვლისკენ, თუმცა, ირანის არმია ამ მოწოდებას მზად დახვდა.
რეჟიმის შეცვლა, ასევე, მოითხოვს თავად რეჟიმის შიგნით გახლეჩას, რაც ამჟამად ირანში არ ჩანს. მიუხედავად მძიმე დარტყმებისა შიდა უსაფრთხოების ორგანიზაციებზე, მათ შორის, ბაზებსა და სარდლობებზე და სამოქალაქო ტანსაცმელში მოქმედ პოლიციელებზე, WSJ-ის ინფორმაციით, არ არსებობს სერიოზული გადაბირების ან შიდა დაყოფის ნიშნები. ადგილობრივები ამბობენ, რომ ირანის უსაფრთხოების ძალები იმდენად აქტიურები და თვალსაჩინოები არიან, რომ რეჟიმის მოწინააღმდეგეები იძულებულნი ხდებიან, დამალულნი დარჩნენ.
როგორც გამოცემა აღნიშნავს, თეირანის მცხოვრებლები ამბობენ, რომ დაბომბვის შედეგად გამოწვეული ნგრევა და სიკვდილიანობა სულ უფრო მეტ ადამიანს, მათ შორის, ისლამური რესპუბლიკის ბევრ მოწინააღმდეგეს, ომის წინააღმდეგ აბრუნებს.