ნათია იორდანიშვილი: ტყე სტრატეგიული მნიშვნელობის რესურსია ქვეყნისთვის, რომელიც არის უსაფრთხო გარემოს გარანტი და აქვს პოტენციალი საკუთარი წვლილი შეიტანოს ქვეყნის განვითარებაში

სატყეო რეფორმა, რომელსაც გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ახორციელებს, ორი ძირითადი კომპონენტისგან შედგება: ტყის დაცვისა და ტყითსარგებლობის პრაქტიკის გაუმჯობესება.  რეფორმის ასევე მთავარი მიმართულებებია ტყის მონიტორინგის და კონტროლის გაძლიერება, დეგრადირებული ტყის აღდგენა და მრავალმიზნობრივი ტყითსარგებლობაა.

რეფორმის თანახმად,  ტყის ფიზიკური დაცვის ფუნქცია  ეროვნულ სატყეო სააგენტოს უბრუნდება. გათვალისწინებულია 401 ტყის მცველის დამატება, რის შედეგადაც თითო მცველზე დასაცავი ტერიტორია 10 – 15 ათასი ჰექტრიდან, საშუალოდ, 2 000 ჰექტრამდე შემცირდება.  გაიზარდა ეროვნულ სატყეო სააგენტოში დასაქმებულთა სახელფასე ანაზღაურება, დაგეგმილია ტყის მცველების და მეტყევეების რიცხოვნობის ზრდა. ყოველწლიურად იზრდება დეგრადირებული ტყის აღდგენის ღონისძიებების მასშტაბები, უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს ტყის ინვენტარიზაციის სამუშაოები, რაც, ერთობლიობაში, უზრუნველყოფს ქვეყნის ტყეების რაოდენობრივი და ხარისხობრივი მაჩვენებლების გაუმჯობესებას, პროფესიის პოპულარიზაციასა და სატყეო განათლების ხელშეწყობას, სოფლად განვითარებასა და უფრო მეტ სარგებელს ტყის ეკოსისტემური სერვისებისგან.

„სატყეო რეფორმა სწორედ დღეს არის აქტიურ ფაზაში და ჩვენ უკვე გვაქვს ძალიან მნიშვნელოვანი ხელშესახები შედეგები იმ თანმიმდევრული ნაბიჯებისა, რაც გადაიდგა და რასაც ამდენი ხნის განმავლობაში ვცდილობდით. პირველი ძალიან მნიშვნელოვანი ცვლილებაა – ფიზიკური დაცვის დაბრუნება სატყეო სააგენტოსთვის და მისი თანამშრომლების –  ტყის მცველების  რაოდენობის ზრდა.  ჩვენ  ღიად ვსაუბრობდით იმ გამოწვევებზე, რომელიც სექტორში წლების განმავლობაში დაგროვდა და ერთ-ერთია უკანონო ჭრა, რომელიც გამოწვევად რჩებდა და რომელიც თავის მხრივ  ჩვენი ტყეების დეგრადაციის ერთ-ერთი გამომწვევი მიზეზი სხვა ბუნებრივ თუ ანთროპოგენურ ფაქტორებთან ერთად.  სწორედ ამიტომ, ტყის დაცვის ფუნქციის დაბრუნება მონიტორინგისა და კონტროლის გაძლიერება მოგვცემს იმის საშუალებას,  რომ პირველ რიგში შევინარჩუნოთ ჩვენი ტყეების მდგომარეობა და შემდეგ უკვე ვიზრუნოთ მის განვითარებაზე იმგვარად, რომ  ეკოლოგიური, სოციალური თუ ეკონომიკური სარგებელი მოუტანოს ქვეყანას და მოსახლეობას. ტყე სტრატეგიული მნიშვნელობის რესურსია ქვეყნისთვის,  რომელიც არის ჩვენი უსაფრთხო გარემოს გარანტი და  აქვს პოტენციალი იმისა, რომ საკუთარი წვლილი შეიტანოს ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებაშიც“, – აღნიშნა ეროვნული სატყეო სააგენტოს უფროსის მოადგილე ნათია იორდანიშვილმა.

Back to top button