ცხოვრების დონის შეფასების ხანგრძლივი პროგრესით საქართველო მსოფლიოში მესამე ადგილზეა

ოქსფორდის უნივერსიტეტის კეთილდღეობის კვლევის ცენტრმა გაეროს მდგრადი განვითარების გადაწყვეტილებების ქსელთან და საერთაშორისო შემფასებელ კვლევით ორგანიზაცია „გელაპთან“ პარტნიორობით მსოფლიო ბედნიერების 2026 წლის ანგარიში გამოაქვეყნა.

კვლევის ფარგლებში, განხორციელდა მსოფლიოს 147 სახელმწიფოსა და ტერიტორიაზე ცხოვრების დონის შეფასების გაუმჯობესების ისტორიული ანალიზი 20-წლიან პერიოდში.

ისტორიული პროგრესის დასადგენად მკვლევარებმა საბაზისო 2006-2010 წლების მსოფლიო გამოკითხვის შედეგები მიმდინარე 2023-2025 წლების ანალოგიურ კვლევებს შეადარეს და ისტორიული პროგრესის მიხედვით მსოფლიოს საუკეთესო ქვეყნები გამოავლინეს.

შედეგები საქართველოსთვის კეთილსაიმედო აღმოჩნდა. საქართველო მსოფლიოში მესამე ადგილზე გავიდა. ანგარიშში ვკითხულობთ, „ხუთივე ლიდერი ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში მდებარეობს: სერბეთი, ბულგარეთი, საქართველო, ლატვია და ბოსნია და ჰერცეგოვინა“ (გვ. 25). მთლიანობაში, მსოფლიო ბედნიერების ინდექსის მიხედვით, საქართველომ წლიური შეფასების 10-ბალიანი სისტემით 5.64 ქულა მიიღო, რითაც ახალი ისტორიული მაქსიმუმი დააფიქსირა.

ცალკე აღნიშვნის ღირსია ისიც, რომ საქართველო ევროპის საუკეთესო ოცეულებში მოხვდა ისეთ საკვანძო მნიშვნელობის ორ ფაქტორულ კრიტერიუმში, როგორებიცაა ცხოვრებისეული არჩევანის თავისუფლება და კორუფციის აღქმა.

არჩევანის თავისუფლებით საქართველო უსწრებს ევროკავშირის და ნატოს წევრ 19 სახელმწიფოს. ეს ქვეყნებია: ავსტრია, ლიეტუვა, ბულგარეთი, ბელგია, ესტონეთი, გერმანია, რუმინეთი, კვიპროსი, დიდი ბრიტანეთი, ესპანეთი, სლოვაკეთი, შეერთებული შტატები, ხორვატია, უნგრეთი, საფრანგეთი, ჩრდილოეთ მაკედონია, იტალია, საბერძნეთი, თურქეთი.

კორუფციისგან თავისუფლების აღქმით საქართველო უსწრებს ევროკავშირის და ნატოს წევრ 20 სახელმწიფოს. ეს ქვეყნებია: შეერთებული შტატები, ესპანეთი, მალტა, ხორვატია, ლიეტუვა, კვიპროსი, ლატვია, მონტენეგრო, სლოვენია, თურქეთი, ალბანეთი, იტალია, ჩეხეთი, უნგრეთი, საბერძნეთი, რუმინეთი, სლოვაკეთი, პორტუგალია, ჩრდილოეთ მაკედონია, ბულგარეთი.

Back to top button