პროკურატურამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენის და შენახვის ფაქტებზე უცხო ქვეყნის მოქალაქეს ბრალდება წარუდგინა

საქართველოს პროკურატურამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენის და შენახვის ფაქტებზე უცხო ქვეყნის მოქალაქეს ბრალდება წარუდგინა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა უკანონოდ შეიძინა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება ,,გამომშრალი მარიხუანა”, რომელიც მისი ავტომანქანის საბარგულში მდებარე სათადარიგო საბურავში მოათავსა.

გატარებული ღონისძიებების შედეგად სამართალდამცველებმა აღნიშნული ნარკოტიკული საშუალება ამოიღეს.

დაკავებულს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა” ქვეპუნქტით (განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვა) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პროკურატურამ ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით სასამართლოს უკვე მიმართა.

Back to top button