ძაღლების ჰიპერპოპულაციის მართვის რეფორმის გაცნობის მიზნით რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთში შეხვედრა გაიმართა

სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსის მოადგილე მიხეილ დოლაბერიძემ და სააგენტოს ვეტერინარებმა, რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრაზე, ადგილობრივი მუნიციპალიტეტების წარმომადგენლებს ძაღლების ჰიპერპოპულაციის მართვის პროგრამის შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს. შეხვედრას ესწრებოდა რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის პირველი მოადგილე ქრისტინა კობახიძე, რომელმაც ხაზი გაუსვა აღნიშნული პროგრამის განხორციელების მნიშვნელობას და აღნიშნა, რომ პროგრამა ხელს შეუწყობს ცხოველების ჯანმრთელობის დაცვას და ადამიანებისთვის უსაფრთხო გარემოს შექმნას.

,,გასულ წლებში რეგიონში გვქონდა ცოფით ცხოველების დაავადების არაერთი შემთხვევა. ის გარემოება, რომ პროგრამა მთელ რიგ კომპლექსურ ღონისძიებებს ითვალისწინებს, მათ შორის ცოფის საწინააღმდეგო ვაქცინაციას, მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს როგორც ცხოველების ჯანმრთელობის დაცვას, მათი პოპულაციის მართვას, ასევე ადამიანების უსაფრთხოებას. სურსათის ეროვნულ სააგენტოსთან ერთად მუნიციპალიტეტები აქტიურად ჩაერთვებიან, რათა პროგრამა მაქსიმალურად ეფექტიანად განხორციელდეს,” – აღნიშნა სახელმწიფო რწმუნებულის პირველმა მოადგილემ, ქრისტინა კობახიძემ.

სააგენტოს ვეტერინარიის დეპარტამენტის უფროსის მოადგილემ იოსებ მენთეშაშვილმა, პროგრამაში ჩართულ ვეტერინარებთან და რეგიონის მუნიციპალიტეტების წარმომადგენლებთან ერთად დაგეგმილი ღონისძიებები განიხილა.

ძაღლების ჰიპერპოპულაციის მართვის პროგრამა რეგიონის ყველა მუნიციპალიტეტს მოიცავს და ითვალისწინებს: პატრონიანი ძაღლების ცოფის საწინააღმდეგო ვაქცინაციას, ჩიპირებას, ერთიან ბაზაში რეგისტრაციას და ძუ ძაღლების სტერილიზაციას, მიუსაფარი/მიკედლებული ძაღლების ცოფის საწინააღმდეგო ვაქცინაციას, იდენტიფიკაცია/რეგისტრაციასა და კასტრაცია/სტერილიზაციას.

Back to top button