გიორგი გაბუნია: წლების განმავლობაში საშინელი ინფანტილური ისტერიით ებრძოდნენ ეკლესიას, ვინაიდან კარგად იციან, რომ საზოგადოება, რომელსაც ზურგს უმაგრეს ძლიერი ეკლესია მასზე ზეგავლენის მოპოვება რთულია

ორი კვირა გავიდა, რაც ჩვენმა ქვეყანამ, ჩვენმა ერმა დაკარგა უძვირფასესი ადამიანი ჩვენი პატრიარქი ილია II. ჩვენი ეკლესიის და მთელი ერის მამა, ადამიანი, რომელმაც 69 წლიანი ბერული ცხოვრებისა და 49 წლიანი პატრიარქობის პერიოდში მოწამებრივი და მოციქულებრივი ღვაწლით მთელი სიმძიმით იტვირთა ჩვენი  ერისა და ქვეყნის სულიერი ტვირთი- განაცხადა პარლამენტის კულტურის კომიტეტის თავმჯდომარემ, გიორგი გაბუნიამ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე.

გაბუნია იხსენებს, თუ როგორ მიმდინარეობდა მიზანმიმართული ბრძოლა ეკლესიის, ეროვნული იდენტობისა და მათ შორის, ავტორიტეტული პირების წინააღმდეგ, რაც განსაკუთრებით აქტიურად 2003 წლის შემდეგ დაიწყო.

გაბუნია მიიჩნევს, რომ ამ პროცესებმა ანტიეროვნული ხასიათი მიიღო. ამ ყველაფრიდან გამოსავლად კი საზოგადოების ერთიანობა, ტრადიციებისა და ეროვნული ღირებულებების დაცვა მიაჩნია.

„ის რაც მისი დაკრძალვის დღეს და სამძიმრის დღეებში ვიხილეთ ეს იყო  უპრეცედენტო, ისტორიული და ჩემთვის პირადად – ქართველი ერის სულიერი აღდგომა და რაც მთავარია, გაჩნდა რწმენა იმისა, რომ ჩვენ შეგვიძლია ვიყოთ ერთიანი, ერთ მუშტად შეკრული ერი, როგორც ჩვენი ეკლესიის ასევე ჩვენი ქვეყნის ინტერესების ირგვლივ.  ეს კი გულისხმობს ისეთ სახელმწიფოს და საზოგადოებას, სადაც ძლიერია ეროვნული იდენტობის,  ტრადიციებისა და ღირებულებების დაცვა, რაც ერთადერთი იმუნიტეტია დღეს თანამედროვე გლობალური ქარტეხილების ეპოქაში. და წლების განმავლობაში სწორედ ამას ებრძოდნენ. ებრძოდნენ საშინელი ინფანტილური ისტერიით  და განსაკუთრებით ებრძოდნენ ეკლესიას,  ვინაიდან კარგად იციან რომ საზოგადოება, რომელსაც ზურგს უმაგრეს ძლიერი ეკლესია მასზე ზეგავლენის მოპოვება რთულია. ეს ბრძოლა დეკლარირებულად დაიწყო 2003 წელს, როდესაც ქვეყნის სათავეში მოიყვანეს გარედან მართული აგენტურა და პატრიარქის 2004 წლის ინტერვიუ, სწორედ ამ ბრძოლის დაწყების პერიოდს და მაშინდელი პოლიტიკური მმართველი ძალის შემზარავ  სახეს ასახავს.  მაგრამ საქმე იმაშია, რომ იმ პერიოდში შეტევა მიმდინარეობდა არა მხოლოდ ეკლესიაზე არამედ განათლების სისტემაზე, მეცნიერებზე, კულტურის სფეროზე და ამ ბრძოლამ შეიძინა საშიში, ანტიეროვნული და ანტისახელმწიფოებრივი ხასიათი, რომელსაც ზურგს უმაგრებდა მაშინდელი რეჟიმი.

ამოიღეს მიზანში დიდი სახელები და გვარები, ვისაც ავტორიტეტი ჰქონდა საზოგადოებაში. დაიწყეს ბრძოლა ანზორ ერქომაიშვილის წინააღმდეგ,  რუსთაველის თეატრიდან გააგდეს რობერტ სტურუა, კონსერვატორიიდან გააგდეს  იოსებ კეჭაყმაძე  ქართული საგუნდო მუსიკალური აზროვნების ბუმბერაზი.  ეს დაპირისპირება წარმოებდა და შეფუთული იყო ვითომდა უფრო სწორი, უფრო პროგრესული ხედვის საბაბით, მაგრამ სინამდვილეში სრულიად მდაბიო და უბადრუკი ბრძოლა – ერთის მხრივ თვითდამკვიდრებისთვის, ხოლო მეორეს მხრივ ქვეყანაში ავტორიტეტების განადგურებისთვის. მათ არ სჭირდებოდათ ავტორიტეტები არსად და ამ ადამიანების გარიყვით და განეიტრალებით ცდილობდნენ ჩვენი ინტელექტუალური და სულიერი საძირკვლები მოენგრიათ.  აი ამ მდაბიო პოლიტიკურმა ძალამ, „ნაციონალურმა მოძრაობამ“, რომელიც  პირდაპირ იმართებოდა გარედან და რომელთაც მხოლოდ ფული და ძალაუფლება აინტერესებთ და დღემდე ხელისუფლების ხელში ჩასაგდებად იბრძვიან იგივე სახეები იგივე მეთოდები, იგივე სტილი.. და ყველაზე საშინელი რამ რაც გააკეთეს და გაუკეთეს ჩვენს ქვეყანას და საზოგადოებას არის ის რომ შექმნეს ყალბი ავტორიტეტები ნამდვილ ავტორიტეტებთან დასაპირისპირებლად.

მათ მიერ მართული მედიების მეშვეობით მისცეს არენა ამ ადამიანებს და წლების განმავლობაში ალაპარაკებდნენ და ალაპარაკებენ ყველაფერზე, მწერლობაზე, ხან პოლიტიკაზე, ხან  ნავთობის ფასებზე და ეს ადამიანები გახადეს ფსევდო ავტორიტეტები. შემდეგ, როდესაც ქვეყნის წინააღმდეგ მოქმედება დასჭირდათ ეს ცრუ ავტორიტეტები გამოიყვანეს ქუჩებში და ძალადობის მხატვრული გაფორმება ჩააბარეს.  და სწორედ ამ ადამიანების და ამ ჯგუფების მეშვეობით ურტყამდნენ ეკლესიას და ჩვენს პატრიარქს, ხოლო პერიოდულად ზოგიერთი ქვეყნის  საელჩოში დიაგრამებზე ზომავდნენ ეკლესიის წინააღმდეგ ბრძოლის შედეგებს“-განაცხადა გიორგი გაბუნიამ.

Back to top button