კობა კობალაძემ ავსტრალიის ვეტერანთა ეროვნული გაერთიანების წარმომადგენლებს უმასპინძლა

ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორმა, გენერალ- მაიორმა კობა კობალაძემ ავსტრალიის თანამეგობრობის ყოფილი სამხედრო მოსამსახურეების_ვეტერანების ეროვნული გაერთიანების, ქალაქ ჯუნის წარმომადგენლობის პრეზიდენტთან, გრეგორ ზახაროვთან და მის ვაჟთან_ ავსტრალიის თანამეგობრობის სამხედრო საპენსიო კორპორაციის, კერძოდ, ვეტერანთა საპენსიო ფონდის ხელმძღვანელთან, დევიდ ზახაროვთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა.

კობა კობალაძემ, სტუმრებს გააცნო სამსახურის ჩამოყალიბების ისტორია, ისაუბრა ვეტერანების, როგორც ქვეყნის წინაშე დამსახურებული ადამიანების მხარდასაჭერად სახელმწიფოს მიერ გადადგმულ, შედეგზე ორიენტირებულ ნაბიჯებზე. მან ხაზგასმით აღნიშნა  საერთაშორისო თანამშრომლობის მნიშვნელობა და ყურადღება გაამახვილა იმ ერთობლივ პროექტებზე, რომლებიც სამსახურმა საერთაშორისო პარტნიორების თანადგომით განახორციელა ვეტერანთა და მათი ოჯახის წევრთა წინაშე ეკონომიკური და ჯანდაცვის კუთხით არსებული პრობლემების გადასაჭრელად. საუბარი შეეხო სამსახურის წინაშე ჯერ კიდევ მდგარ გამოწვევებს, რომელთა დასაძლევადაც, სხვადასხვა სამთავრობო ინსტიტუციებისა და კერძო სექტორის ჩართულობასთან ერთად, მნიშვნელოვანია, ასევე, სტრატეგიული პარტნიორების გამოცდილების გაზიარება და მათი მხარდაჭერა.

სტუმრებმა ისაუბრეს ავსტრალიის თანამეგობრობაში ვეტერანთა მხადასაჭერად სახელმწიფოს მიერ გატარებულ პოლიტიკაზე; სოციალურ-ეკონომიკური, ფსიქოლოგიური რეაბილიტაციის, განსაკუთრებით, კი საზოგადოებაში მათი უკეთ ინტეგრაციისთვის შემუშავებულ, სპეციალური გადამზადების პროგრამებზე. გამოთქვეს სურვილი და მზადყოფნა, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურს შუამდგომლობა გაუწიონ ავსტრალიის პარლამენტში, ვეტერანთა საკითხებზე მომუშავე კომიტეტთან, რათა მოინახოს თანამშრომლობის განვითარების გზები საქართველოს ვეტერანთა მხარდასაჭერად.

ინფორმაციისთვის, გრეგორ და დევიდ ზახაროვებს ქართული წარმომავლობა აქვთ და წინაპრების სამშობლოში სტუმრობა, მათთვის, ყოველ ჯერზე განსაკუთრებულ ემოციებს აღძრავს. აღსანიშნავია, რომ გრეგორის მამა_ შალვა გიგოლაშვილი, 1905 წელს საქართველოში, კერძოდ, გორში დაიბადა და იქვე, ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის სახელობის საკათედრო ტაძარში მოინათლა 1906 წელს. მისივე ინფორმაციით, 1919 წელს, შალვა გიგოლაშვილის მშობლები, ბოლშევიკურმა რეპრესიებმა იმსხვერპლა. ობლად დარჩენილი ბიჭი, იმ დროს, საქართველოში განთავსებული დიდი ბრიტანეთის ჯარის ოფიცერმა შეიფარა და თავის სამშობლოში წაიყვანა. 1921 წელს, ბრიტანეთის ხელისუფლების გადაწყვეტილებით, შალვა გიგოლაშვილს ზახაროვის გვარი მიენიჭა (მისი მამის სახელის მიხედვით), 1922 წელს კი_ ავსტრალიის თანამეგობრობაში იქნა გადაყვანილი. მას შემდეგ, შალვა გიგოლაშვილის შთამომავლები ავსტრალიაში ცხოვრობენ და მოღვაწეობენ. წელს, გრეგორ ზახაროვი, საქართველოს მეოთხედ ეწვია.

აღსანიშნავია, რომ ავსტრალიაში საქართველოს ელჩმა, ბექა დვალმა, გრეგორ ზახაროვი, 2025 წელს დააკავშირა საქართველოს ხელოვნების მუზეუმის ხელმძღვანელთან, გიორგი კალანდიასთან, ვისი ძალისხმევითაც, გრეგორ ზახაროვის მიერ, მამამისზე, შალვა გიგოლაშვილზე მიწოდებული მასალების საფუძველზე, გამოიცა წიგნი, რომლის პრეზენტაციაც უახლოეს დღეებში გაიმართება.

Back to top button