ნულოვანი ნარჩენის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით ლანჩხუთის სკოლაში საგანმანათლებლო ღონისძიება გაიმართა

ნულოვანი ნარჩენის საერთაშორისო დღის აღსანიშნავად, ქალაქ ლანჩხუთის N1 საჯარო სკოლაში საგანმანათლებლო-შემეცნებითი ღონისძიება გაიმართა. შეხვედრის მიზანი მოსწავლეებში გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლება, ნარჩენების შემცირების მნიშვნელობის გაცნობიერება და მდგრადი მოხმარების პრინციპების პოპულარიზაცია იყო.

ღონისძიების ფარგლებში მოსწავლეებმა მიიღეს ინფორმაცია კლიმატის ცვლილების გამომწვევ მიზეზებსა და მის გავლენებზე, ატმოსფერული ჰაერის დაცვის აუცილებლობაზე, ასევე პლასტმასის ნარჩენების უარყოფით ზემოქმედებაზე გარემოსა და ეკოსისტემებზე. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ნარჩენების შემცირების პრაქტიკულ გზებს, მათ შორის, ნარჩენების სეპარირებას, ხელახალ გამოყენებასა და გადამუშავების მნიშვნელობას.

შეხვედრა ინტერაქტიულ ფორმატში წარიმართა, რამაც მოსწავლეებს შესაძლებლობა მისცა, აქტიურად ჩართულიყვნენ დისკუსიაში, დაესვათ კითხვები და გაეზიარებინათ საკუთარი ხედვები გარემოს დაცვის საკითხებზე.

ღონისძიებას საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანიის დირექტორი მიხეილ გოგოლიძე, გურიის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული გიორგი ღურჯუმელიძე და ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერი ალექსანდრე სარიშვილი დაესწრნენ.

მსგავსი სახის ღონისძიებები მიზნად ისახავს ნარჩენების მართვის თანამედროვე კულტურის დანერგვას და მომავალ თაობაში ეკოლოგიურად პასუხისმგებელი ქცევის წახალისებას, რაც ქვეყნის მდგრადი განვითარების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წინაპირობაა.

Back to top button